შალვა თადუმაძე

თადუმაძე მშვენიერაძეს: მე არ ვაპირებ თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემას

0 კომენტარი

"შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ მე თქვენს ვერცერთ კითხვას პასუხი ვერ გავეცი, მე არ ვაპირებ თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემას", - ასე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) თავმჯდომარეს გიორგი მშვენიერაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ.

"ვფიქრობ კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მიზანი, სწორედ რომ პოლიტიკური იყო. სურთ, ის კითხვის ნიშნები გაჩნდეს, რომლებიც რეალურად არ უნდა ჩნდებოდეს, მით უფრო, ჩემს განათლებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თქვენ აქ შუალედი არ გაქვთ. ან კანონები არ წაიკითხეთ, ან წაიკითხეთ და ვერ გაიგეთ, რაც ნიშნავს, რომ ხართ არაკვალიფიციურები და მეორე, თუკი ეს კანონები წაიკითხეთ და გაიგეთ, შემდეგ დამალეთ და ის კომენტარები აკეთეთ თქვენი კოალიციის წევრებმა ჩემს განათლებასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი საქციელი ამ კოალიციის მხრიდან", - თქვა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ.

თადუმაძის თქმით, მისი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება უნდა შეამოწმონ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ "ეს მაღალი მაჩვენებლები და შესაბამისი ლეგიტიმაცია" - "არ მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ასეთი ადამიანი და თქვენ გაქვთ ეს თვისებები", - მიმართა თადუმაძემ გიორგი მშვენიერაძეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ასევე გაიხსენა "სირცხვილიას" ერთ-ერთი აქცია, სადაც გიორგი მშვენიერაძემ შს მინისტრის, გიორგი გახარიას მობილურის ნომერი გამოაცხადა და აღნიშნა, რომ "სამოქალაქო პროტესტის ისტორიაში მსგავსი არაკეთილსინდისიერი საქციელი არ არსებობს".

"ამ ბოლო ნაწილში არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ცოტა ადამიანი ვართ, ვინც დანაშაულის წინააღმდეგ ვიბრძვით და თქვენ, ბატონო გიორგი, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი პირის პირადი მობილური ტელეფონი გამოაცხადეთ საჯაროდ და საზოგადოებას მოუწოდეთ, მისთვის ნეგატიური მესიჯები მიეწერათ. თქვენ არ გიფიქრიათ, ამას რა შედეგები მოჰყვებოდა. მე ზუსტად ვგრძნობ იმ კვალიფიკაციას, რომელზეც თქვენ საუბრობთ ჩემს განათლებასთან მიმართებაში და თუ ეს კვალიფიკაცია დამაკმაყოფილებელია, მაშინ ზუსტად ვგრძნობ იმ არაკეთილსინდისიერებას, რომელსაც თქვენ ახორციელებთ ამ პროცესის და კონკრეტულად ჩემ მიმართ. ამიტომ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მე თქვენს ვერც ერთ კითხვას პასუხი ვერ გავეცი. არ ვაპირებ თქვენს კითხვებს პასუხი გავცე", - თქვა შალვა თადუმაძემ.

დღეს, 9 ოქტომბერს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საპარლამენტო მოსმენაზე მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენდნენ. 20 კაციანი სიიდან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 8 კანდიდატი უკვე მოისმინეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები