კობახიძე გავრილოვზე რეაქციებს "პარლამენტის სპიკერის სკამის საკრალიზაციას" უწოდებს 

ტვ. პირველი

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და ქართული ოცნების დეპუტატს, ირაკლი კობახიძეს, იმედის ეთერში, გადაცემის "SWOT ანალიზი" წამყვანმა, ნიკა ლალიაშვილმა, იმ რეაქციებზე ჰკითხა, რომელიც კომუნისტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, პარლამენტის სავარძელში ხილვამ გამოიწვია. 

ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს იყო "აბსოლუტურად ირაციონალური" რეაქცია, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის სპიკერის სავარძლის საკრალიზაცია მოხდა. 

"აი, პარლამენტის სპიკერის სავარძელი რატომ ხდება, აი, ამ ერთი შეხედვით, პროფანული საგნის ასეთი საკრალიზაცია? ეს არ არის პატრიარქის ტახტი, არც სამეფო ტახტი. ამ სავარძელში ჩვენ გვინახავს რომან გოცირიძე, გვინახავს სერგი კაპანაძე და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს არ არის მხოლოდ პარლამენტის სპიკერის სავარძელი, ეს არ არის არანაირი საკრალურობის მატარებელი არანაირი სიმბოლო,"- ამბობს ლალიაშვილი. 

კობახიძე ლალიაშვილს დაეთანხმა და თქვა, რომ ალბათ, მსოფლიოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პარლამენტის სპიკერის სკამი საკრალურ ნივთად გამოცხადდა. 

"კი, ალბათ, ეს არის პირველი და ბოლო შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, ალბათ, მსოფლიო ისტორიაშიც, როდესაც პარლამენტის სპიკერის სკამი გამოცხადდა ერთგვარ საკრალურ ნივთად. ასეთია მოცემულობა, პრაქტიკა ცოტა განსხვავებულია," - თქვა კობახიძემ. 

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმი თბილისში 18-23 ივნისის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო. ის ქართული ოცნების დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის, ინიციატივით იმართებოდა. სწორედ მან მოიწვია საქართველოში ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები, რომლებიც ქალაქში სახელმწიფო დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდნენ. 

როტოკოლის მიხედვით, მეორე დღეს, 20 ივნისს სხდომა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ფოტომ, როგორ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ევროპულმა საქართველომ, მოგვიანებით კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გავრილოვი აიძულეს, პარლამენტი დაეტოვებინა.

პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის ხილვას მასობრივი სამოქალაქო პროტესტი მოხდა. 20 ივნისს გამართული მრავალათასიანი ანტისაოკუპაციო აქცია ხელისუფლებამ ძალადობრივად - რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და მოგვიანებით წყლის ჭავლებით დაარბია. 

დარბევის შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათგან 160 სამოქალაქო პირი, რომელთაგან 2-მა, რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად, თვალი დაკარგა. პროტესტის ფონზე ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის მანდატის, ირაკლი კობახიძეს კი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დათმობა მოუწიათ. 

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები