GDI

როგორ აღმოჩნდა GDI-ის წევრის ფოტო "ერთიანი პროვოკაციული მოძრაობის" Facebook გვერდზე

10 ოქტომბერს ერთერთ Facebook გვერდზე "ერთიანი პროვოკაციული მოძრაობა", არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" GDI წევრის, ედუარდ მარიკაშვილის, ფოტო დაიდო, სადაც ჩანს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც შალვა თადუმაძეს უსმენდნენ, ორგანიზაციის წევრს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა ესაუბრება. 

"ეს ფოტო არის იმის ნათელი მაგალითი რომ ჩვენს ქვეყანაში ენჯეო სექტორი არ არსებობს და რეალურად ნაცების რუპორები არიან" - წერს Facebook გვერდი, რომელიც წლებია, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის დეზინფორმაციული და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისა, თუ ჯგუფების "გაშავებას" ცდილობს. 

ამ ფაქტს ფოტოზე გამოსახული ედუარდ მარიკაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ამ დროს მხოლოდ ერთი ადამიანი იჯდა, ვისაც ამ ფოტოს გადაღება შეეძლო და ის კომიტეტის სხდომაზე შალვა თადუმაძესთან ერთად მივიდა. მარიკაშვილის თქმით, იგივე ახალგაზრდა ქალი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს, მამუკა ვასაძეს, ახლდა. 

"ეს მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ პროკურატურაში უნდა მუშაობდეს. ანუ, რა გამოდის, როგორ მოხვდა ფოტო შავი პიარის გვერდზე,"- წერს მარიკაშვილი. 

მოგვიანებით მან სხდომაზე გადაღებული ვიდეოც გაავრცელა, სადაც ფოტოს გადაღების მომენტი ჩანს. 

მშვენიერაძე ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო აღრმავებს იმ ეჭვებს, რომ მსგავსი სიძულვილის ენის შემცველი გვერდების უკან სწორედ ხელისუფლება დგას. 

"ის, რაც თვალსაჩინოდ ჩანს, სხვა ინტერპრეტაციის საშუალებას მე არ მიტოვებს. ის, რაც მანამდე იყო ეჭვი, დღეს ფაქტობრივად დადასტურდა,"- ამბობს გიორგი მშვენიერაძე. 

10 ოქტომბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხვა კანდიდატის მოსმენას ესწრებოდა, გიორგი მშვენიერაძეს დღეს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. მას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური შენობაში არ უშვებდა და არც მიზეზს ეუბნებოდა. 

მოგვიანებით, მშვენიერაძე სხდომაზე დაუშვეს, თუმცა თადუმაძემ მისი და კოალიციის "სამართლიანი მართლმსაჯულება" სხვა წევრების შეკითხვებს პასუხები არ გასცა

ტაბულა ამ შეკითხვით პროკურატურასაც დაუკავშირდება და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.  

კომენტარები