დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი: ქურთები მეორე მსოფლიო ომში არ დაგვხმარებიან

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: Politico

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაიცვა გადაწყვეტილება სირიიდან ჯარის გამოყვანის თაობაზე. ჟურნალისტებთან საუბარში მან თქვა, რომ ქურთები აშშ-ს მეორე მსოფლიო ომში არ დახმარებიან:

"[ქურთები] მეორე მსოფლიო ომში არ დაგვხმარებიან, მაგალითად, ნორმანდიაში არ დაგვხმარებიან - ისინი ბრძოლების სახელებს ახსენებენ, მაგრამ იქ არ ყოფილან. ჩვენ უზარმაზარი თანხები დავხარჯეთ მათ დასახმარებლად. ისინი საკუთარი მიწისთვის იბრძვიან. როდესაც ამბობთ, რომ ისინი აშშ-სთვის იბრძვიან, დიახ, მაგრამ ისინი საკუთარი მიწისთვის იბრძვიან."

"ალიანსები ძალიან მარტივია, მაგრამ ჩვენი ალიანსები ჩვენით სარგებლობს. თუ შეხედავთ რამდენ ფულს ვხარჯავთ ნატოზე და რამდენს ხარჯავენ ევროპული ქვეყნები, რომლებიც მეტ სარგებელს იღებენ, ვიდრე ჩვენ." დაამატა ტრამპმა.

5 წლის განმავლობაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ აშშ-სთან ერთად ბრძოლაში ქურთულმა შენაერთებმა 11,000 მებრძოლამდე დაკარგეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მან ხაზი გაუსვა, რომ ოპერაცია მშვიდობის გაზაფხულის სამიზნეს ქურთისტანის მუშათა პარტიის/ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის და ე.წ. ისლამური სახელმწიფო წარმოადგენენ.

პირველი საჰაერო დარტყმები ქალაქ რას ალ-აინზე განხორციელდა.

8 ოქტომბერს თურქეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ თურქეთმა უკვე განახორციელა თავდასხმა სირია-ერაყის საზღვარზე, იმისთვის, რომ ერაყიდან ქურთული ძალების გაძლიერებისათვის ხელი შეეშალა. დარტყმების მიზანს ერაყისა და სირიის დამაკავშირებელი იმ გზის დაბლოკვა წარმოადგენდა, რომელსაც ქურთი მებრძოლები იყენებენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირას მიიღო გადაწყვეტილება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონში სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად განლაგებული ამერიკული ჯარი გამოეყვანა.

მან ამ გადაწყვეტილების დაცვისას ისიც თქვა, რომ ქურთები თურქეთს ათწლეულებია ებრძვია და დროა ამერიკა დაუსრულებელი ომებიან გამოვიდეს.

აშშ-ის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ საკუთარი “დიდი და სწორუპოვარი სიბრძნით” იხელმძღვანელებს და თურქეთს წითელი ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში ეკონომიკურად გაანადგურებს.

თურქეთი ქურთულ სახალხო დაცვის შენაერთებს, რომლებიც სირიის დემოკრატიული ძალების დიდ ნაწილს შეადგენენ, ქურთისტანის მუშათა პარტიის ნაწილად მიიჩნევს და შესაბამისად ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ბოლო წლებში არაერთი სამხედრო ოპერაცია განახორციელა სირიის ტერიტორიაზე, ამ დრომდე რეგიონში, სადაც ამერიკული ძალები სირიის დემოკრატიულ ძალებთან და მასში შემავალ ქურთულ დანაყოფებთან ერთად იყო განთავსებული სამხედრო მოქმედებებისაგან თავს იკავებდა.

ამჯერად თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონის შექმნას და ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას გეგმავს, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი.

ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს.

სამხედრო ოპერაციის არსებული გეგმა შეზღუდულ მოქმედებებს მოიცავს საზღვრის მიმდებარედ 100 კილომეტრში, სადაც ძირითადად არაბებით დასახლებული ქალაქები მდებარეობს, მათ შორის თალ აბიადი და რას ალ-აინი. ამერიკული ძალები ამ ტერიტორიიდან უკვე გავიდნენ.

აშშ-ის ჯარების გამოყვანის თაობაზე ტრამპის გადაწყვეტილებაზე, თურქეთის სამხედრო ოპერაციასა და სირიაში არსებულ სიტუაციაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები