ხაზარაძე/ჯაფარიძის საქმე

ხაზარაძე: ტყუილი სასამართლო, პროკურატურა, დიპლომი, დაპირებები, ტყუილების ქვეყანაში ვცხოვრობთ

ტაბულა

"ჩვენ ვცხოვრობთ ტყუილების ქვეყანაში, ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი ურთიერთობები, ტყუილი დაპირებები," - საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში მივიდა. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დღევანდელ პროცესზე საქმეში მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავენ. 

ხაზარაძე ამბობს, რომ ეს ტყუილების ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა და ყველაფერს გააკეთებს, რომ "ეს ტყუილი დავამარცხოთ ამ ქვეყანაში, ეს ტყუილი განვდევნოთ, გავწმინდოთ და გამჭვირვალე გავხადოთ ყველა ის ურთიერთობა, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებს სჭირდება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენი შვილებისა და ჩვენს მომავალს სჭირდება."

..............

14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა. 

თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ამავე საქმეზე აქვს წაყენებული ბრალი ტელეკომპანია პირველის დამფუძნებლის მამას ავთანდილ წერეთელს. წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

კომენტარები