საქართველო-რუსეთი

ზალკალიანი: რუსეთთან ფრენები რაც უფრო სწრაფად აღდგება, მით უკეთესი

0 კომენტარი
ფოტო: mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, რუსეთთან ფრენების სწრაფად აღდგენა ორივე მხარისთვის ხელსაყრელი იქნება. 

"რაც უფრო სწრაფად აღდგება, მით უკეთესი საქართველოსთვის, რუსეთისთვის და იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც არსებობს ხალხთა შორის. მე ეს პოზიცია დავაფიქსირე ნიუ-იორკში შეხვედრის დროს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, არც ერთი რუსი მოქალაქის მიმართ არც ყოფილა ძალადობის, არათუ შეურაცხყოფის შემთხვევა,"-თქვა ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ. 

მინისტრის თქმით, ფრენების აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის ტურიზმისა და ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს. 

"ეს არის ორმხრივად ხელსაყრელი და ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ბარიერი ურთიერთობებში. სადაც ადვილად შეიძლება ბარიერის მოხსნა, უნდა იყოს მოხსნილი,"-თქვა ზალკალიანმა.   

ცნობისთვის, რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა 7 ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა შესაძლოა უახლოეს მომავალში აღდგეს. მისივე თქმით, რუსული მხარე საბოლოოდ და კიდევ ერთხელ უნდა დარწმუნდეს, რომ ქართული აეროპორტები უსაფრთხოა. ასევე იმაში, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში საფრთხე არ ემუქრებათ.  

ცნობისთვის, 25 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი აზრით საქართველოს ავიამიმოსვლის აღდგენა ღირს. განცხადების მეორე დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ნიუ-იორკში ერთმანეთს შეხვდნენ.

ოპოზიცია ამბობს, რომ ფრენების აკრძალვამ საქართველოს ზიანი ვერ მიაყენა, სწორედ ამიტომ დაიწყო რუსეთმა მის აღდგენაზე საუბარი. "ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის ცნობით, ეს იმის დამსახურებაა, რომ ევროკავშირიდან ტურისტების ნაკადი გაიზარდა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 8 ივლისს შევიდა ძალაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები