უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მდინარაძე: ნაზი ჯანეზაშვილს იგივე ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, რომელიც შალვა თადუმაძეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილსაც იგივე ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, რომელიც შალვა თადუმაძეს.

​დეპუტატმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჯანეზაშვილის დიპლომი წარმოადგინა, რომელიც, მისი თქმით, 2002 წელს არის გაცემული და წერია, რომ ინსტიტუტი ნოდარ დუმბაძის სახელობისაა. მამუკა მდინარაძის თქმით, ეს აბათილებს ოპოზიციის არგუმენტს, რომ ინსტიტუტს 2003 წლიდან მიენიჭა დუმბაძის სახელი და თუ თადუმაძის დიპლომი ნამდვილია, 1998 წელს გაცემულ დოკუმენტში დუმბაძის სახელობის ინსტიტუტი არ უნდა იყოს დაფიქსირებული. 

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ანრი ოხანაშვილთან ერთად გაიხსენა კუსდამთავრებული, რომელმაც 2003 წლამდე დაამთავრა იგივე ინსტიტუტი და დიპლომში ნოდარ დუმბაძის სახელობის ინსტიტუტი უწერია.

"ამ ადამიანის სახელი და გვარია ნაზი ჯანეზაშვილი. ქალბატონი ნაზის კვალიფიკაციაში და დიპლომის ნამდვილობაში არ გვეპარება ეჭვი. ასეთი ეჭვის გამოთქმის საფუძველი ჩვენ არ გვქონდა. მან ეს დიპლომი წარმოადგინა მაშინ, როდესაც ის იყო ასევე კანდიდატი და შემდეგ მხარდაჭერილი პარლამენტის მიერ. ჩვენთან ერთად ჩვენმა პატივცემულმა ოპოზიციონერებმაც დაუჭირეს მას მხარი. ასე, რომ არგუმენტი, რომლის მიხედვითაც შეუძლებელი იყო 2003 წლამდე ნოდარ დუმბაძის სახელის მითითება ამ ინსტიტუტის დასახელებაში, მოგვიწევს გადავდოთ გვერდზე", - ამბობს მდინარაძე.

მოქმედ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გუშინ, 9 ოქტომბერს უსმენდნენ. კითხვების დიდი ნაწილი მის დიპლომს ეხებოდა.

შალვა თადუმაძეს დიპლომში მითითებული აქვს, რომ 1993 წელს ჩააბარა იმ სასწავლებელში, რომელიც 1994 წელს დაარსდა. მისი ბიოგრაფიის მიხედვით, თადუმაძემ სწორედ აქ, ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. მასვე ბიოგრაფიაში მითითებული აქვს, რომ უმაღლესი სასწავლებელი 1999 წელს დაამთავრა მაშინ, როცა დიპლომში დამთავრების თარიღად 1998 წელია მითითებული. 

გარდა ამისა, შალვა თადუმაძემ სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, შესაბამისად, გაუგებარია, როგორ ჩააბარა მან უმაღლეს სასწავლებელში 1993 წელს. 

2011-2012 წლებში შალვა თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 2018 წლიდან ის იკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას და ამჟამად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატად.

კომენტარები