უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

ჯანეზაშვილი: ნამდვილად ის ინსტიტუტი დავამთავრე, რაც თადუმაძემ, მაგრამ მერე სწავლა გავაგრძელე

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ტაბულასთან საუბრისას ადასტურებს, რომ ნამდვილად იგივე ინსტიტუტში სწავლობდა, რომელშიც შალვა თადუმაძე, მაგრამ აზუსტებს, რომ თადუმაძისგან განსხვავებით ინსტიტუტში დაფუძნებამდე არ ჩაუბარებია.

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ რადგან მიღებული განათლება საკმარისი არ იყო, მან სწავლა გააგრძელა, მათ შორის, უცხოეთში.

მისი თქმით, ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 5 წლის განმავლობაში, 1997-2002 წლებში სწავლობდა და დიპლომს ნამდვილად აწერია, რომ ინსტიტუტი ნოდარ დუმბაძის სახელობისაა. ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ სახელთან დაკავშირებით ეჭვი არ გასჩენია და არც გარკვევა უცდია, როდის გახდა ინსტიტუტი ნოდარ დუმბაძის სახელობის.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ასევე ამბობს, რომ ინსტიტუტი ნამდვილად არ იყო "პრესტიჟული", თუმცა, მოქმედებდა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. 

"ვინაიდან მე საქართველოში მაშინ არ მიმიღია მაღალი დონის განათლება, რამდენიმე წელიწადში წავედი ვარშავაში, უნივერსიტეტში, სადაც ვსწავლობდი სტიპენდიით, მაფინანსებდა პოლონურ-ამერიკული ფონდი. საქართველოში დაბრუნებიდან მალევე, კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩავაბარე და ვიყავი მთელი მსოფლიოდან შერჩეულ 9 ადამიანს შორის, ადამიანის უფლებებს ვსწავლობდი. როცა საქართველოში ჩამოვედი, კავკასიის უნივერსიტეტში ჩავაბარე, ვისწავლე დოქტორანტურაში და ვაგრძელებ თემაზე მუშაობას. არ გავჩერებულვარ და მომავალშიც ვაპირებ სწავლას. ამ უნივერსიტეტებში მივიღე ყველაფერი, რაც ვერ მივიღე საქართველოში თავის დროზე, სამწუხაროდ", - ამბობს ჯანეზაშვილი ტაბულასთან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ დღეს, 10 ოქტომბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ნაზი ჯანეზაშვილის დიპლომი წარმოადგინა და თქვა, რომ ის 2002 წელს არის გაცემული და ინსტიტუტს ნოდარ დუმბაძის სახელობის აწერია. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ეს აბათილებს ოპოზიციის არგუმენტს, რომ რადგან ინსტიტუტს 2003 წლიდან მიენიჭა დუმბაძის სახელი, თუ შალვა თადუმაძის დიპლომი ნამდვილია, 1998 წელს გაცემულ დოკუმენტში დუმბაძის სახელობის ინსტიტუტი არ უნდა იყოს დაფიქსირებული.

მოქმედ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გუშინ, 9 ოქტომბერს უსმენდნენ. კითხვების დიდი ნაწილი მის დიპლომს ეხებოდა.

შალვა თადუმაძეს დიპლომში მითითებული აქვს, რომ 1993 წელს ჩააბარა იმ სასწავლებელში, რომელიც 1994 წელს დაარსდა. მისი ბიოგრაფიის მიხედვით, თადუმაძემ სწორედ აქ, ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. მასვე ბიოგრაფიაში მითითებული აქვს, რომ უმაღლესი სასწავლებელი 1999 წელს დაამთავრა მაშინ, როცა დიპლომში დამთავრების თარიღად 1998 წელია მითითებული. 

გარდა ამისა, შალვა თადუმაძემ სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, შესაბამისად, გაუგებარია, როგორ ჩააბარა მან უმაღლეს სასწავლებელში 1993 წელს. 

2011-2012 წლებში შალვა თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 2018 წლიდან ის იკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას და ამჟამად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები