დავით გარეჯი

ზალკალიანი: ხალხს მოვუწოდებ, ფრთხილად მოვეკიდოთ დავით გარეჯის თემას, უაღრესად მგრძნობიარეა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საზოგადოებას დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

"ყველა სიტყვას, ყველა მოქმედებას, ყველა გამონათქვამს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ყველას მოვუწოდებ, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდოთ ამას. რადგანაც, ჩვენ გვაქვს საქმე ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფო ინტერესებთან, ასევე, მეორე მხარეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი", - თქვა ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ.  

ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ ქართული და აზერბაიჯანული მხარე ორმხრივ შეთანხმებას მიაღწევს. მისი თქმით, სადელიმიტაციო კომისიის ფარგლებში მუშაობა გრძელდება, კომისიის აზერბაიჯანელმა წევრებმა ბაქოში შეხვედრის შემდეგ საქართველოში ჩამოსვლის მზაობა გამოთქვეს.   

"საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებთ საერთო ისტორია, გეოგრაფია, ეს არის სწორედ ის მიმართულებები, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და არა გვყოფს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ორ ქვეყანას შორის, ორ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის, სწორედ ჩვენი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე იყოს გადაწყვეტილი", - თქვა ზალკალიანმა.

დღეს, 10 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერიმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ 11 ოქტომბრიდან ქართველი სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსში არსებული ყველა ეკლესია გახსნილი იქნება. გახარიას თქმით, ამის შესახებ მან და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში შეხვედრის დროს იმსჯელეს.   

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქომ აზერბაიჯანში გახარიას ვიზიტის წინა დღეს პრემიერმინისტრისადმი პატრიარქ ილია მეორის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც 1 ოქტომბრით თარიღდება.

წერილში ვკითხულობთ, რომ პატრიარქი დემარკაციის პროცესის დასრულებამდე სტატუს-კვოს აღდგენას მოითხოვს, რომ მომლოცველებმა, ტურისტებმა და სასულიერო პირებმა მონასტერში შესვლა შეძლონ. პატრიარქმა დაწერა, რომ აზერბაიჯანული მხარის ქმედებები გაუგებარია, რომელთა გამოც მომლოცველებს, ტურისტებსა და სასულიერო პირებს უდაბნოსა და ჩიჩხუტურის მონასტრების ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვები მიმდინარე წლის აპრილიდან დაწესდა. 

14 ივლისს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა მოცემულ მონაკვეთზე და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსა ლოჯისტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურა. პარალელურად, აღნიშნულ მონაკვეთზე გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც. ამასტან, დაწესდა დროებითი შეზღუდვა მრევლისა და ტურისტების გადაადგილებასთან დაკავშირებით. ინციდენტამდე ადგილზე მიმოსვლა გარკვეული შეზღუდვებით ხორციელდებოდა, თუმცა, 14 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად ვითარება გართულდა.

კომენტარები