TBC ბანკის საქმე

ხაზარაძე: ფაქტია, რომ საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ მმართველობასთან

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ფაქტია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ მმართველობასთან - ამის შესახებ მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ თქვა. 

ხაზარაძის თქმით აბსოლუტურად სუფთაა არამარტო ამ საქმეში, არამედ, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ბადრი ჯაფარიძესთან თანამშრომლობდა. 

"ჩვენ საქმე გვაქვს ივანიშვილის კერძო ადვოკატთან, რომელიც დანიშნულია მთავარ პროკურორად. უდიპლომო, უცოდინარ ადვოკატთან. ასეთივე უცოდინარი პროკურორებთან, რომლებიც ურცხვად ითხოვდნენ მტკიცებულებებს, რომლებიც მოიპოვა ჩვენმა ადვოკატმა და დღეს ითხოვენ ამ მტკიცებულებების ამოღებას საქმიდან. ეს ხალხი არ არის ღირსი, რომ ამ ქვეყანას ემსახუროს და როგორც მე პირველივე სხდომაზე ვთქვი, ჩვენ ამას შევცვლით"- თქვა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დღევანდელ პროცესზე საქმეში მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილეს. 

14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა. 

თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ამავე საქმეზე აქვს წაყენებული ბრალი ტელეკომპანია პირველის დამფუძნებლის მამას ავთანდილ წერეთელს. წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები