ნიკა მელია

ჩინჩალაძე-მურუსიძეს დაურტყი ჩაქუჩი - მოსამართლემ ნიკა მელია საკუთარი პროცესიდან გააძევა

მთავარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებული დეპუტატი ნიკა მელია საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევეს. მანამდე მელიამ ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შესახებ შუამდგომლობა დააყენა. 

"ჩაქუჩი დაურტყით მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და თადუმაძეს",- მელიას გაძევება მოსამართლე გიორგი კერატიშვილის მიმართ ამ რეპლიკას მოჰყვა. მანამდე მოსამართლემ ნიკა მელია რამდენჯერმე გააფრთხილა, კომენტარებისგან თავი შეეკავებინა.

გამოძევების შემდეგ მელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსამართლემ სამაჯურის მოხსნა-არმოხსნის დროულად განხილვაზე შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

"ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული, მაგრამ სინამდვილეში, შიგნით აცვია ქართული ოცნების მაისური. ასეთები არიან აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც საქალაქო სასამართლოში, ისე სააპელაციოში და უზენაესში"- ამბობს მელია. 

შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა პროკურატურას უფლება მისცა, ნიკა მელიას დაპატიმრება მოეთხოვა. საგამოძიებო უწყება აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოწმეებზე ზეწოლის, დანაშაულის განმეორების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხის მოტივით ითხოვდა

ნიკა მელიას მმართველი გუნდი და მათგან გამომდინარე, პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ შეუფარდეს, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაუმაგრდა ელექტრონული სამაჯური. 

კომენტარები