ქუთაისის პარლამენტის შენობა

ჯერ კიდევ უცნობია, რა ბედი ეწევა ქუთაისის პარლამენტის შენობას

0 კომენტარი
საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი ფოტო: Spartaky / Wikipedia

კვლავაც უცნობია, რა ბედი უნდა ეწიოს ქუთაისის პარლამენტის შენობას, რომლის აშენებაც 326 მილიონზე მეტი დაჯდა, ხოლო შენახვაზე წელიწადში საშუალოდ 1.2 მილიონი იხარჯება ბიუჯეტიდან.

2019 წლის პირველი იანვრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, ქუთაისის პარლამენტის შენობის მოვლაზე ბიუჯეტიდან 689 326 ლარია დახარჯული.

ქუთაისის პარლამენტის შენობა, რომელმაც 2012 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება, 326 მილიონი ლარზე მეტი დაჯდა. საპარლამენტო საქმიანობის ქუთაისში გადასვლის შემდეგ დაიწყო თბილისის პარლამენტის შენობის განახლებაც, რაზეც, 2014 წლის მონაცემებით, 23 მილიონ ლარამდე დაიხარჯა ბიუჯეტიდან.

2019 წელს, მას შემდეგ, რაც ძალაში განახლებული კონსტიტუცია შევიდა, საპარლამენტო საქმიანობამ მთლიანად გადმოინაცვლა თბილისში, ქუთაისის პარლამენტის შენობა კი უფუნქციოდ დარჩა.

თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შენობაში მომსახურების ცენტრის ანალოგი უნდა გაეხსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

"ეს იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბი, სადაც სხვადასხვა საპოლიციო სერვისს შევთავაზებთ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას.

როგორც, მაგალითად, თბილისში გვაქვს ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც 50-მდე საპოლიციო სერვისის მიწოდება ხდება მოსახლეობისთვის." - ამბობდა 2018 წლის ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.

ამისდა მიუხედავად, დღემდე უცნობია, რას უპირებს ხელისუფლება 326 მილიონიან შენობას, რომელიც კვლავ საქართველოს პარლამენტის ბალანსზეა.

როგორც პარლამენტის ადმინისტრაციაში უთხრეს ტაბულას, შენობის ახალ ფუნქციასთან დაკავშირებით "გარკვეული გეგმები არსებობს", თუმცა კონკრეტულ ვარიანტებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ:

"ის [ქუთაისის პარლამენტის შენობა] არის პარლამენტის ბალანსზე, თუმცა ამ მიმართულებით გარკვეული გეგმები არსებობს. რა გეგმები არსებობს, ამის თქმა ჯერ-ჯერობით არ შეგვიძლია. უახლოეს ხანებში მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება, შეიძლება საუბარი იყოს უახლოეს დღეებზეც კი." - გვითხრეს პარლამენტის პრესსამსახურში.

2017 წელს შენობის შენახვა ბიუჯეტს 1 091 294 ლარი დაუჯდა, ხოლო 2018 წელს 1 260 557 ლარი.

2019 წლის მონაცემებით, ანუ მას შემდეგ, რაც შენობა უფუნქციოდ დარჩა, წლის პირველი რვა თვის მანძილზე შენობის ელექტროენერგიაზე 398 290 ლარი დაიხარჯა, წყალზე 201 050 ლარი, ხოლო ბუნებრივ აირზე 89 986 ლარი, ჯამში - 689 326 ლარი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები