თამთა თოდაძის საქმე

"ექსპერტიზა ჩვენებას ემთხვევა" - პროკურატურამ გაუთქმელობა გააუქმა, ადვოკატი საქმეზე საუბრობს

0 კომენტარი

თამთა თოდაძის ადვოკატის თქმით, უკვე ცნობილია სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები, რომელიც ქალის ჩვენებას, მის დაზიანებებს ადასტურებს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძის საქმეზე მხარეებს გაუთქმელობის მოთხოვნა მოუხსნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა თქვა, რომ თამთა თოდაძის ჩვენება და ექპერტიზის დასკვნა ერთმანეთს არ ემთხვევა. საპასუხოდ, თოდაძის ადვოკატმა პროკურატურას მოუწოდა, უპასუხონ მარიამ კუბლაშვილის განცხადებებს, რადგან თავად გაუთქმელობის ხელწერილის გამო ვერ პასუხობს. ამ განცხადებიდან მალევე, ადვოკატს გაუთქმელობის მოთხოვნა მოუხსნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საქმის დეტალებზე საუბარი შეუძლია.

"სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არის მზად, რომელიც საქმეში დევს და აბსოლუტურად შეესაბამება თამთა თოდაძის მიერ მიცემულ ჩვენებას. დაზიანებები არის აღწერილი ძალიან დეტალურად და მითითებულია, რომ მიყენებულია შემთხვევის დღეს, 30 სექტემბერს, ზუსტად იმ პერიოდში, რასაც თამთა უთითებს თავის ჩვენებაში", - ამბობს თამარ ლუკავა ტაბულასთან.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ პოლიცია ოფისში მას შემდეგ მივიდა, რაც ის დაალაგეს - საქმის მასალებში არის ფოტოები, სადაც ჩანს, რომ დამტვრეული მონიტორი და პრინტერი უკვე მაგიდაზეა.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ გამოიკითხნენ თამთა თოდაძის თანამშრომლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ჯიშკარიანი მთვრალი არ ყოფილა და თოდაძემ ტექნიკა თავად დააზიანა. თამარ ლუკავას თქმით, თუ ეს ასეა, მათ პოლიციაში უნდა დაერეკათ და ეცნობებინათ, რომ ადამიანი საკრებულოს კუთვნილ ტექნიკას ამტვრევს, რაც არ გაუკეთებიათ.

ადვოკატის ინფორმაციითვე, ბიუროს თანამშრომლები ამბობენ, რომ ოფისი თავად დაალაგეს.

"ბიუროს თანამშრომლები არიან მისი ახლო ნათესავები ან ახლო მეგობრები. გარდა ამისა, დღემდე არიან დაქვემდებარებული პირები, შესაბამისად, მათი ჩვენებები ნაკლებად სარწმუნოა. ჩვენ გვაქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ორი ექიმის ჩვენება, რომლებიც ამბობენ, რომ თამთა არ იყო ნასვამ მდგომარეობაში. ორივე უთითებს რა დაზიანებები ჰქონდა, რას ამბობდა და როგორი ემოციური მდგომარეობა ჰქონდა. მედიკამენტებიც დაალევინეს, რაც იმას ნიშნავს, რასაც არ იზამდნენ, ფხიზელი რომ არ ყოფილიყო", - ამბობს ადვოკატი.

მისი ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს - ამოღებულია თამთა თოდაძისა და ილია ჯიშკარიანის ტანსაცმელი, თუმცა, თოდაძისგან განსხვავებით, ჯიშკარიანის ტანსაცმელი შემთხვევიდან მინიმუმ ხუთი დღის შემდეგ ამოიღეს. 

"რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ის გარეცხეს და კვალი წაშლილი იყოს".

გარდა ამისა, პროკურატურამ უკვე მოითხოვა ვიდეო-კადრების ამოღება ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტებიდან, სადაც ჩანაწერები ორი კვირიდან ერთ თვემდე პერიოდის განმავლობაში ინახება.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიება ამ ეტაპზე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსგან კიდევ ერთი, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

გამომდინარე იქედან, რომ უწყებამ მას გაუთქმელობის მოთხოვნა გააუქმა, საქმის მასალების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად გახდება ცნობილი.

თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. თავად ილია ჯიშკარიანი ბრალდებას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ბრძოლას იწყებს. 

პროკურატურამ ქალი დაზარალებულად შემთხვევიდან 8 დღის შემდეგ, 8 ოქტომბერს ცნო და ბრალი წაუყენა ილია ჯიშკარიანს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები