თამთა თოდაძის საქმე

სასამართლო ილია ჯიშკარიანის აღკვეთ ღონისძიებაზე ხვალ, 11 ოქტომბერს იმსჯელებს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

პროკურატურაში ჯერ არ აკონკრეტებენ, რა ტიპის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს ბრალდების მხარე. 

როგორც ტაბულას საქალაქო სასამართლოში უთხრეს, დეპუტატის საქმეზე სასამართლო ხვალ, 11 ოქტომბერს იმსჯელებს. სხდომა 12:30 საათზეა ჩანიშნული. მათივე თქმით, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი იქნება. 

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძის საქმეზე მხარეებს გაუთქმელობის მოთხოვნა მოუხსნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა თქვა, რომ თამთა თოდაძის ჩვენება და ექპერტიზის დასკვნა ერთმანეთს არ ემთხვევა. საპასუხოდ, თოდაძის ადვოკატმა პროკურატურას მოუწოდა, უპასუხონ მარიამ კუბლაშვილის განცხადებებს, რადგან თავად გაუთქმელობის ხელწერილის გამო ვერ პასუხობს. ამ განცხადებიდან მალევე, ადვოკატს გაუთქმელობის მოთხოვნა მოუხსნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საქმის დეტალებზე საუბარი შეუძლია.

შეგახსენებთ, თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. თავად ილია ჯიშკარიანი ბრალდებას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ბრძოლას იწყებს. 

პროკურატურამ ქალი დაზარალებულად შემთხვევიდან 8 დღის შემდეგ, 8 ოქტომბერს ცნო და ბრალი წაუყენა ილია ჯიშკარიანს. 

კომენტარები