ქართული კინო

ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი დაიწყო

ტაბულა

ბაკურიანში, რიგით მესამე, ქართული კინოს ფორუმი დაიწყო. ფორუმის სახელწოდებაა „ნახე პირველად ბაკურიანში“ და ის მაყურებელს უახლეს ქართულ ფილმებს შესთავაზებს. კინოჩვენებების გარდა გაიმართება საინტერესო დისკუსიები თანამედროვე ქართული კინოწარმოებისა და ქართული კინომემკვიდრეობის თემებზე.

ფორუმი დიტო ცინცაძის ფილმით "შინდისი" გაიხსნა. ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომელსაც რეჟისორი არ ესწრებოდა, რადგან "შინდისის" საფესტივალო პრემიერაზე, ვარშავის კინოფესტივალზე იმყოფებოდა. 

11 ოქტომბერს ფილმის ფორუმის მონაწილეები,პროდიუსერები, მსახიობები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები, ცინცაძის კიდევ ერთ ფილმს, შანხაის კინოფესტივალის ტრიუმფატორს - „ჩაისუნთქე-ამოისუნთქეს“ და უტა ბერიას ფილმს "უარყოფითი რიცხვები" ნახავენ. 

12 ოქტომბერს გიგა ლიკლიკაძის ფილმის "ღორი" და დიმიტრი მამულიას ფილმის "ბოროტმოქმედი" ჩვენება გაიმართება.

13 ოქტომბერს გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმით „12 გაკვეთილი“ ქართული კინოს ფორუმი დასრულდება. 

ღონისძიებას ეროვნული კინოცენტრი და მთის კურორტების განვითარების კომპანია ერთობლივად წარმოადგენენ. კინოფორუმის პარტნიორები არიან„შემოქმედებითი ევროპის“ საქართველოს დესკი, სასტუმრო „კრისტალი“ და ბორჯომის მუნიციპალიტეტი.

კომენტარები