უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მდინარაძე მოსამართლეების მოსმენაზე: გამჭვირვალე პროცესით დამკვირვებლები გავაკვირვეთ

parliament.ge

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ტვ პირველის ეთერში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენასა და შალვა თადუმაძეზე ისაუბრა.

"შალვა თადუმაძის ნებაა იქნება თუ არა კანდიდატი და ჩვენი უფლებაა გადავწყვიტოთ ობიექტურად და თქვენ ხედავთ რამდენად გამჭვირვალედ მიდის ეს პროცესი, მიუხედავად იმისა როგორ დაზიანებასაც არ ცდილობენ. გუშინ რა იკადრეს ნახეთ, აი ამ ტყუილი არგუმენტებით, სულ თაღლითი ეძახეს [შალვა თადუმაძეს].

მართლა ფსკერზე არიან, მათი პოლიტიკური ეთიკის დონე არის ფსკერზე, ფსკერის ქვემოთ არის, საშინელება ხდება ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენ გავაკვირვეთ ყველა ობიექტური დამკვირვებელი, იმდენად გამჭვირვალე პროცესი შევთავაზეთ საზოგადოებას და ამ გამჭვირვალე პროცესის შედეგი იქნება ასევე ობიექტური გადაწყვეტილებები", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

მოქმედ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გუშინ, 9 ოქტომბერს უსმენდნენ. კითხვების დიდი ნაწილი მის დიპლომს ეხებოდა.

შალვა თადუმაძეს დიპლომში მითითებული აქვს, რომ 1993 წელს ჩააბარა იმ სასწავლებელში, რომელიც 1994 წელს დაარსდა. მისი ბიოგრაფიის მიხედვით, თადუმაძემ სწორედ აქ, ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. მასვე ბიოგრაფიაში მითითებული აქვს, რომ უმაღლესი სასწავლებელი 1999 წელს დაამთავრა მაშინ, როცა დიპლომში დამთავრების თარიღად 1998 წელია მითითებული. 

გარდა ამისა, შალვა თადუმაძემ სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, შესაბამისად, გაუგებარია, როგორ ჩააბარა მან უმაღლეს სასწავლებელში 1993 წელს. 

2011-2012 წლებში შალვა თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 2018 წლიდან ის იკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას და ამჟამად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატად.

კომენტარები