ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ პარტიას აყალიბებს: არჩევნებზე 10% არის მინიმუმი

თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, "მთავარ არხზე" დაანონსა, რომ მის მიერ შექმნილი სამოქალაქო მოძრაობა მალე პოლიტიკურ ძალად გადაიქცევა.

ალეკო ელისაშვილმა სამოქალაქო მოძრაობა 2018 წლის დეკემბერში შექმნა.

"მიკიბვ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვათ, დიდი ალბათობით რამდენიმე თვეში. სრულიად სხვა სტრატეგია გვაქვს ჩვენ, არის მოლაპარაკება რამდენიმე ადამიანთან, მაგრამ ვერ დავასახელებ", - თქვა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, სეგმენტების მიხედვით თემატური ლიდერები ყავთ და ერთ-ერთ მაგალითად ელისაშვილმა პაატა გიგაური დაასახელა, "რომელიც მილიტარისტულ წრეებში არის ხელით საჩვენებელი".

"არჩევნებზე ვაპირებ ძალიან სერიოზული შედეგების დადებას, დიდი ალბათობით ჩემი პარტიით გავდივარ მხოლოდ. რა იქნება და როგორ ერთი წლის შემდეგ ზუსტად არ ვიცი, კვლევები გვაქვს ჩატარებული და არც თუ ცუდი სასტარტო პირობები გვაქვს, აქამდე არსებულ ნებისმიერ ბარიერს უპრობლემოდ გადავლახავდით, ახლაც კი. 

მთავარი არის, რომ ხელისფლება უნდა შეიცვალოს, მეც და ჩემ გარშემო შემოკრებილი ადამიანებიც, სამოქალაქო მოძრაობის გუნდი, 10% არის ის მინიმუმი, რომელსაც ჩვენ ვფიქრობთ რომ ავიღებთ, ძალიან სერიოზული შედეგის დადებისთვის ვემზადებით",- თქვა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები