ილია ჯიშკარიანი

ექიმი: ჯიშკარიანის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა არასტანდარტულად მიმდინარეობს

ნიუ ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი გიორგი კორძახია ამბობს, რომ საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თანაშემწე სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და რომელიც ამ საქმის გასაჯაროების დღიდან ნიუ ჰოსპიტალში მკურნალობს, ამ ეტაპზე სტაბილურია. 

"პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური, თუმცა არასტანდარტულად მიმდინარეობს. ჩვენ დაგვჭირდა ახალი მედიკამენტის დამატება და ეს განაპირობებს გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას,"- ამბობს კორძახია. 

შეკითხვაზე, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი დოკუმენტი, რომელიც მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას ადასტურებს, კორძახია ამბობს, რომ ამაზე ინფორმირებული არ არის. 

"თუმცა კლინიკა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს - დოკუმენტაცია პაციენტ ილია ჯიშკარიანის ავადობაზე არის სრულად ნაწარმოები,"- ამბობს კორძახია. 

ექიმის თქმით, ჯიშკარიანის სრული დიაგნოზი კორონარული სინდრომის გამწვავებაა. მისივე თქმით, უახლოეს 2-3 დღეში რეალისტური იქნება მისი გაწერა, თუმცა თუ ახალი რეალობა შეიქმნება, ექიმების მიდგომაც შეიცვლება. 

"ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პაციენტი უნდა იყოს ტერიტორიაზე, ჰოსპიტალიზაციის პირობებში ჩვენ ვერ გავცემთ რეკომენდაციას, რომ მან დატოვოს ტერიტორია. შესაბამისად, ალბათ სასამართლო გადაწყვეტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რომ ჩატარდეს ჩვენთან,"- ამბობს კორძახია. 

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ საუბრობდა კლინიკა თავიდანვე ამ გარემოებებზე, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ჯიშკარიანი საავადმყოფოში მოათავსეს, კორძახია ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პაციენტმა მისცა უფლება კლინიკას, გაესაჯაროვებინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს. 

"[როდესაც მოვიდა კლინიკაში] მისი მდგომარეობა იყო მძიმე. ვერ მოგიყვებით ახლა სრული ისტორიის კოპირებას," - ამბობს გიორგი კორძახია. 

მას შემდეგ, რაც თანაშემწე თამთა თოდაძემ საკრებულოს დეპუტატი ტელევიზიებთან საჯაროდ დაადანაშაულა სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში, ჯიშკარიანმა მედიას უთხრა, რომ ის ნიუ ჰოსპიტალში მკურნალობს.

11 ოქტომბერს სასამართლო მის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს. პროკურატურა მისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს, რასაც არ იზიარებენ თამთა თოდაძის უფლებადამცველები და მიიჩნევენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ, მას შეუძლია, საქმის სრულყოფილ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს. 

ამასთან, უფლებადამცველი ბაია პატარაია ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომლითაც ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასტურდება. უფლებადამცველები პროკურატურისგან შესაბამის ახსნა-განმარტებას მოითხოვენ. 

კომენტარები