ილია ჯიშკარიანი

ჯიშკარიანის ადვოკატი: სიარული შეუძლია, საუბარია ემოციურ ფონზე და მოსალოდნელ გამწვავებაზე

ტაბულა

"არაფერი შეცვლილა იმით, რომ პროცესი სასამართლოს ნაცვლად კლინიკაში ჩატარდება" - ამბობს საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის, ადვოკატი, რომელსაც თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. 

კუბლაშვილმა პროცესის დაწყებამდე მედიასთან გაკეთებულ კომენტარში დაზარალებულის მხარეს მიმართა, რომ "იყვნენ კორექტულები" და "საკუთარი პოზიციები ყოველთვის არგუმენტირებულად დაასაბუთონ". კუბლაშვილის თქმით, დაცვის მხარეს წარმოდგენილი აქვს ფომრა 100. 

"არამხოლოდ ფორმა 100-ია წარმოდგენილი, არამედ სასამართლოს მიერ გამოთხოვილია და დავალებულია ბრალდების მხარისთვის, სხვა დანართი დოკუმენტაცია, რაც ადასტურებს ისტორიას პაციენტის მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის მოვიდეს და ადგილზე ჩაატარეს სასამართლო პროცესი,"- ამბობს კუბლაშვილი. 

ადვოკატის თქმით, ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, რომ მან სიარული ვერ შეძლოს, თუმცა მისივე თქმით, საუბარია ემოციურ მდგომარეობაზე. 

"საუბარია ემოციურ მდგომარეობაზე და 4-ჯერ გადატანილ ინფარქტზე, ივლისის თვეში უმძიმეს მდგომარეობაში მოყვანის ფაქტზე და ემოციური ფონიდან გამომდინარე მოსალოდნელი შესაძლო მდგომარეობის რადიკალური გამწვავების შიშზე,"- ამბობს კუბლაშვილი. 

ადვოკატის თქმით, იმ ფაქტით, რომ სასამართლო კლინიკაში მივიდა, არაფერი შეცვლილა, რადგან ბრალდების მხარის შუამდგომლობა უკვე ცნობილია, რომელიც ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ითხოვს. 

"უმჯობესი იყო, იმისათვის, რომ თავი დაგვეზღვია მოსალოდნელი სხვადასხვა ექსცესისგან და მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებისგან, მითუმეტეს ახლა სტაბილურადაა და უკეთესობისკენ მივდივართ, ჩვენ გვჭირდება იგი ჯანმრთელი და მისი სურვილია, რომ გამოვიდეს, დატოვოს ეს ადგილი და ნამდვილად არაა მისთვის სასიამოვნო აქ ყოფნა. აქედან გამომდინარე ვერ ვხვდები, იქ რომ ყოფილიყო, რა შეიცვლებოდა,"- თქვა კუბლაშვილმა. 

ტაბულას ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ საავადმყოფოში ჩატარებით ის შეიცვლებოდა, რომ დღეს სხდომა მედიისთვის დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, რაზეც კუბლაშვილმა მას უპასუხა, რომ სხდომის დასრულების შემდეგ ილია ჯიშკარიანი ტვ პირველზე პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. 

ტაბულას ჟურნალისტმა ადვოკატს მის მიერ რამდენიმე წუთით ადრე ნათქვამი შეახსენა, რომ ჟურნალისტების კითხვებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო ჯიშკარიანის მდგომარეობის დამძიმება და სწორედ ამიტომ აჯობებდა სხდომის კლინიკაში ჩატარება, რაზეც კუბლაშვილმა ტაბულას უპასუხა: 

"თქვენ ფიქრობთ ახლა, რომ იმდენად ჭკვიანური კითხვა დამისვით, რომ მე დამაბნევთ?"

ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში უკვე დაიწყო.  პროკურატურა მისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს, რასაც არ იზიარებენ თამთა თოდაძის უფლებადამცველები და მიიჩნევენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ, მას შეუძლია, საქმის სრულყოფილ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს. 

ამასთან, უფლებადამცველი ბაია პატარაია ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომლითაც ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასტურდება. უფლებადამცველები პროკურატურისგან შესაბამის ახსნა-განმარტებას მოითხოვენ. 

კომენტარები