ვლადიმერ კაკაბაძე

კაკაბაძის თქმით, Philip Morris-ისა და BAT-ის საქმეზე ხვალ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ვლადიმერ კაკაბაძე ამბობს, რომ ფილიპ მორისისა და ბრიტიშ ამერიკან ტობაკოს საქმეზე ხვალ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა.

2017 წლის თებერვალში კაკაბაძემ თამბაქოს მწარმოებელ ბრიტიშ ამერიკან ტობაკოს 270 მილიონ ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო ფილიპ მორისს 93 მილიონიანი.

შემდგომში კაკაბაძის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, რაც, თავის მხრივ, ძალაში დატოვა უზენაესმა. არასამთავროების შეფასებით, ვლადიმერ კაკაბაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეყრდონობოდა კანონის მცდარ ინტერპრეტაციას, რომელიც სასამართლო პრაქტიკაში საერთოდ არ არსებობდა.

დღეს, 11 ოქტომბერს კაკაბაძემ პარლამენტში მოსმენისას თქვა, რომ საქმეზე იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რაც ზედა ინსტანციის სასამართლოებმა გამოიტანეს:

"თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ამ საქმესთან დაკავშირებით ერთი რამ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ეს დავა იყო პირველი საქმე კონკურენციის კანონიდან გამომდინარე.

შესაბამისად, შესაძლებელია, მე განვმარტე ისე კანონი, რომ ზემდგომმა ინსტანციამ ეს არ გაიზიარა და იმის ზემდგომმა, კასაციამ, კიდევ არ გაიზიარა.

აქედან გამომდინარე, ხვალ რომ მე იგივე დავა დამეწეროს, თავისთავად ცხადია, მე გავიზიარებ ზემდგომი ინსტანციების მოსამართლის განმარტებას კანონის." - განაცხადა მოსამართლემ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვის პასუხად.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2017 წლის მარტში ფილიპ მორის საქართველოს დაჯარიმების საქმეზე საკუთარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქმეში მთელი რიგი დარღვევები იყო, რაც საერთო ჯამში კორუფციის მაღალ რისკებზე მიანიშნებდა.

"სასამართლომ კანონის დარღვევად შეაფასა დემპინგური ფასდადება საქონელზე, იმ პირობებში, როდესაც დემპინგის მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოში არ არსებობს. საინტერესოა, რომ საქართველოს მთავრობა 2015 წლის ნოემბერში ამზადებდა ანტიდემპინგურ კანონპროექტს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მთავრობის ეს ინიციატივა განუხორციელებელი დარჩა. შესაბამისად, დღესდღეობით საქართველოში დემპინგის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ არსებობს", - ეწერა TI-ის ანგარიშში.

კომენტარები