EMC

EMC-ის ცნობით, ადიგენში მუსლიმი გლეხების მიწები საპატრიარქოს უკანონოდ გადასცეს

0 კომენტარი
ფოტო: EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის (EMC) ცნობით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კიკიბოსა და სოფელ დერცელში მცხოვრებ ქართველ მუსლიმ ოჯახებს საძოვარი მიწები ჩამოერთვათ და საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა. 

EMC-ის განცხადებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტში მუსლიმი თემის უფლებების უგულებელყოფის გაგრძელებაა და სოციალური დაძაბულობის კიდევ ერთ კერას ქმნის. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წლის ბოლოს სოფელ კიკიბოსა და დერცელის მოსახლეებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მათი ოჯახებისთვის 1990 და 2000-იან წლებში სახელმწიფოს მიერ გადაცემული ნაკვეთების რეგისტრაციის მიზნით მიმართეს. ეს მიწები კიკიბოს შემადგენლობაში შემავალ მცირე დასახლებაში, ქვაჯიბვარში (რომელიც ამჟამად მოსახლეობისგან დაცლილია) მდებარეობს. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, ამ მიზნით მოქალაქეებმა უწყებას მათ ხელთ არსებული უფლებადამდგენი დოკუმენტები წარუდგინეს, მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტები, რეგისტრაციის მოწმობები და გადასახადის გადამხდელთა სიები. ორგანიზაციის ცნობით, აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ოჯახები წლების განმავლობაში ფლობდნენ და საძოვრად და სათიბად იყენებდნენ, 2018 წლის ოქტომბრიდან საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში იყო რეგისტრირებული.

"კერძოდ, როგორც ადმინისტრაციული წარმოების მასალები აჩვენებს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის 2018 წლის 21 მარტის მოთხოვნის საფუძველზე 2018 წლის ივნისში მითითებულ მიწის ნაკვეთებზე საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრების უფლება დაახლოებით 7 ჰა (68 346 კვ.მ) მიწის ნაკვეთზე. 

ხოლო ამავე წლის ოქტომბერში ეს ნაკვეთი სამეურნეო მიზნებისთვის მთავრობამ საქართველოს ეკლესიას უსასყიდლოდ გადასცა. ამ პროცესში სახელმწიფომ სრულიად უგულებელყო ის ფაქტი, რომ ამ უძრავი ქონების მიმართ ადგილობრივ მოსახლეობას გააჩნდა სასიცოცხლო ეკონომიკური და სოციალური ინტერესი და საკუთრების უფლების ან/და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი კანონით განსაზღვრული დოკუმენტები. სსიპ სახელმწიფო ქონების სააგენტომ დაარღვია კანონის მოთხოვნა და ნაკვეთები საპატრიარქოს დაინტერესებული პირების მონაწილეობის გარეშე გადასცა," - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია. 

EMC-ის ცნობით, საქმის მასალები აჩვენებს, რომ საპატრიარქოსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის მეზობლად არსებობს ძველი სალოცავის ნანგრევები, რომლის გადაცემაც საპატრიარქომ 2018 წლის მარტში სახელმწიფოსგან მოითხოვა. 

"მიწის ნაკვეთი (დაახლოებით 1 ჰა), რომელზეც ისტორიული ნაგებობის ნანგრევები მდებარეობს და რომლის კონფესიური და ისტორიული ღირებულება სახელმწიფოს არც კი შეუსწავლია, მთავრობის 2018 წლის 28 მაისის განკარგულებით ამოირიცხა სახელმწიფო ტყის ფონდიდან, რის შემდეგაც საჯარო რეესტრში კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის საფუძველზე დარეგისტრირდა ეკლესიის საკუთრებაში,"- წერს უფლებადამცველი ორგანიზაცია.

მათივე ცნობით, ამის შემდეგ მალევე მოხდა მუსლიმი გლეხების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის (დაახლოებით, 7 ჰა) დამატებით გადაცემა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ამ ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია მონასტრის მშენებლობა. 

"ჩვენთან ინტერვიუში მუსლიმები უთითებენ, რომ ისინი არ არიან მონასტრის მშენებლობის წინააღმდეგ, მეტიც, მზად არიან მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 1 ჰა ეკლესიას გადასცენ და თავადაც მიიღონ მონაწილეობა მის მშენებლობაში. ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად, ხელისუფლების ვერც ერთმა რგოლმა (მათ შორის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ) ვერ მოახერხა საკითხზე სამართლიანი და ეფექტიანი მედიაცია და პრობლემის გადაწყვეტა,"- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები