თამთა თოდაძის საქმე

ყოფილი თანამშრომელი დეპუტატის წინააღმდეგ - ინტერვიუ ილია ჯიშკარიანის ადვოკატთან

ხატია ღოღობერიძე
0 კომენტარი

დღეს, 11 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსის ორ მძიმე მუხლში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის, თამთა თოდაძის ადვოკატი ამბობს, რომ დეპუტატს უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზეწოლისა თუ მტკიცებულებების განადგურების მცდელობა, საქართველოს მთავარი პროკურატურის აზრით, "აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა გირაოს გამოყენების შემთხვევაში". 

ტაბულა უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს როგორც ილია ჯიშკარიანთან, ასევე, მის ადვოკატთან ინტერვიუს ჩაწერას. აღკვეთის ღონისძიების გასვლითი სხდომის შემდეგ, რომელიც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ჩაატარა, შესაძლებელი გახდა ინტერვიუს ჩაწერა მარიამ კუბლაშვილთა.

​ადვოკატი ტაბულას ძირითად კითხვებს არ პასუხობს, იმ არგუმენტით, რომ საქმის მასალებს ბოლომდე არ გაცნობია. ის არ საუბრობს არც იმაზე, რას ჰყვება თავად ჯიშკარიანი 30 სექტემბერზე. კითხვების ნაწილმა მარიამ კუბლაშვილის გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც მან ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

პირველი კითხვა, რომელიც ტაბულამ ადვოკატს დაუსვა, ბრალდებულის პოზიციას შეეხებოდა - რას ჰყვება თავად ილია ჯიშკარიანი 30 სექტემბრის შესახებ, როგორ იყო ყველაფერი მისი ვერსიით. მარიამ კუბლაშვილმა მხოლოდ ის თქვა, რომ ქართული ოცნების დეპუტატი ბრალს არ ეთანხმება.

მარიამ კუბლაშვილი: თქვენ ახლა მთხოვთ, რომ ილია ჯიშკარიანის ჩვენება გავასაჯაროვო. ეს დევს საქმეში, წაკითხული აქვთ თამთასაც და მის წარმომადგენელსაც. ჰკითხეთ, დევს საქმეში. მისი პოზიცია ცნობილია, რომ არ ეთანხმება ბრალს

ტაბულა: მათ შორის, არ ეთანხმება ფიზიკურ ძალადობასაც? საერთოდ არ შეხებია?

მარიამ კუბლაშვილი: რა თქმა უნდა. შეხება რას ნიშნავს? შეხებით შეხებია, ადამიანი წამოაყენა ძირს დაგდებული, რომელიც თავად წაიქცა.​ ​თავისით წაიქცა რა თქმა უნდა, ვიდრე ილია მივიდოდა.

ამის შემდეგ ტაბულამ ადვოკატს ჰკითხა, რა ვითარებაში წაიქცა თამთა თოდაძე. საპასუხოდ, მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი ჩვენებაში წერია. კითხვის გამეორების მიუხედავად, ადვოკატის პოზიციაა, რომ "წვრილმან დეტალებზე" ვერ ისაუბრებს.

თუმცა, როგორც ის იქვე აღნიშნავს, 30 სექტემბერს თამთა თოდაძე "უმძიმესი ალკოჰოლური თრობის ქვეშ" იყო. მას შემდეგ, რაც ტაბულამ მას კვლავ ჰკითხა, როგორ წაიქცა თამთა თოდაძე, ადვოკატი ამბობს, რომ ის ილია ჯიშკარიანის შეხების გარეშე წაიქცა, დაზარალებულისთვის "ძალიან ნაცნობია ამგვარი ქცევები" და სასამართლოზე არაერთი მსგავსი საქმე იქნება წარმოდგენილი.

მარიამ კუბლაშვილი მომხდარს ილია ჯიშკარიანზე თავდასხმას უწოდებს. კითხვას, გულისხმობს თუ არა მათ შორის ფიზიკურ თავდასხმას, ადვოკატი ასე პასუხობს:​

"არ უცემია ილია, მაგრამ სხვა დეტალებს კიდევ გაიგებთ, უფრო მეტ ნიუანსებს, როდესაც მომცემს უფლებას ბატონი ილია, ამაზე ვისაუბრო".

ის ჰყვება, რომ წაქცეული თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანმა წამოაყენა. გარდა ამისა, ადვოკატის პოზიციაა, რომ ტექნიკაც დაზარალებულმა დაამტვრია. ტაბულას კითხვას, რატომ არ გამოიძახა ილია ჯიშკარიანმა პოლიცია, თუ მისმა თანამშრომელმა ტექნიკა დააზიანა, ბრალდებულის ადვოკატი პასუხობს, რომ ის ვერ გაწირავდა "ამ მდგომარეობაში" მყოფ ახალგაზრდა გოგოს.

ადვოკატს კითხვები აქვს თამთა თოდაძის სახლში წასვლასთან დაკავშირებითაც. მას აინტერესებს, რატომ არ გამოიძახა ქალმა პოლიცია ადგილზე და რატომ წავიდა სახლში.

"ილია ამას ვერ გააკეთებდა [პატრულს ვერ გამოიძახებდა], როდესაც ადამიანი იყო ამ მდგომარეობაში და ვერ გაწირავდა ახალგაზრდა ადამიანს, გოგოს, რომელზეც დღესაც არ უნდა დეტალებზე ისაუბროს, ისევ მისი ინტერესებიდან გამომდინარე. თავად რომ გავიდა თამთა, რატომ არ გამოიძახა ადგილზევე პატრული, წამიერად რატომ არ დააყენა პატრული, რატომ წავიდა სახლში და მერე რატომ მოიფიქრა რეაგირება. უკეთესი იქნებოდა, როგორც ეს ადრე სხვა სისხლის სამართლის საქმეში გააკეთა - ასე ვთქვათ, მისთვის უცნობი არ არის როგორ უნდა მოიქცე სამართალდამცავ ორგანოსთან ურთიერთობის დროს. შეეძლო გაეჩერებინა ნებისმიერი პატრულის ეკიპაჟი და წამიერად დაეყენებინა თავზე, როცა, მისი გადმოცემით, თავდამსხმელი, მოძალადე იყო ოფისში და მოხდა საშინელება. იგი წავიდა სახლში და მოიფიქრა როგორ და რანაირად...", - ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, ილია ჯიშკარიანის მხრიდან სექსუალური ძალადობა რომ ყოფილიყო, თამთა თოდაძეც "გაიმეტებდა" მას და გაუპატიურების მცდელობისთვის უჩივლებდა.

"რა თქმა უნდა უარყოფს სექსუალური ძალადობის მცდელობას. რომ ყოფილიყო მსგავსი რამ, თავადაც გაიმეტებდა და სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლს დაუმატებდა, გაუპატიურების მცდელობას, რაც ვერ გაბედა, იმიტომ, რომ კარგი რჩევები მიიღო, იცოდა, რომ ამას ვერ დაამტკიცებდა და ეს იყო აბსურდი. რამ შეუშალა ხელი ილია ჯიშკარიანს, თამთამ აჯობა?", - ამბობს ადვოკატი.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამუშაო დღეს, ისნის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ალკოჰოლს იღებდნენ, კონკრეტულად ამ ფაქტზე მარიამ კუბლაშვილი ვრცლად არ საუბრობს. ამბობს, რომ არ იცის ვინ მიიტანა სასმელი ოფისში, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ილია ჯიშკარიანსაც ჰქონდა. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული კონიაკს ყოველ დღე იღებდა, მაგრამ ერთ ან ორ ჭიქას. 

"ილია ჯიშკარიანი ორ ჭიქა კონიაკზე მეტს ვერასდროს ვერ დალევდა. ყოველდღიურად სვამდა, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ჩვევა იყო ერთი, მაქსიმუმ ორი ჭიქა კონიაკის დალევა. ეს იცის ყველამ. ილიას არ შეუთავაზებია თამთასთვის. მე მაგან რა მოყვა, არ ვიცი. არც ვკითხულობ. მე ვიტყვი ერთ რამეს - თამთასთვის არავის შეუთავაზებია და დანამდვილებით რასაც ვიტყვი - თამთას არაერთხელ შესთავაზეს, რომ მეტი არ დაელია", - ამბობს მარიამ კუბლაშვილი და აზუსტებს, რომ დაზარალებულს "არ დალევისკენ" იქ მყოფმა იმ ორმა პირმა მოუწოდა, რომლებზეც თამთა თოდაძეც საუბრობს, რომ თავდაპირველად ოფისში იყვნენ და შემდეგ წავიდნენ.

მარიამ კუბლაშვილისთვის ასევე უცნობია, როდის მიმართა ექიმს ილია ჯიშკარიანმა და ეს იყო შემთხვევიდან მალევე თუ მომდევნო დღეებში. მაგრამ აღნიშნავს, რომ დეპუტატი "საშინელ მდგომარეობაში იყო".

ადვოკატი სირცხვილს და ცილისწამებას უწოდებს თამთა თოდაძის იმ განცხადებებს, სადაც ქალი ამბობს, რომ დეპუტატის მხრიდან ჩახუტების შემთხვევები ადრეც ყოფილა და მაშინ ამას ყურადღებას არ აქცევდა

"ეს არის იცით როგორი სირცხვილი? ისევე როგორც სირცხვილია, რომ მჯეროდეს, რომ ძალადობის მსხვერპლია ქალი და მე ამ ქალის წინააღმდეგ ვიყო, არ ვიყო მის მიმართ სოლიდარული", - აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, მთლიანი საზოგადოება ილია ჯიშკარიანის წინააღმდეგ დაირაზმა და ყველამ ერთი ადამიანის განცხადება დაიჯერა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ სიმართლეს დაამტკიცებს და მერე ყველას ბოდიშის მოხდა მოუწევს.

"უდანაშაულო ადამიანის დასჯა არის ბოროტება და ცილისწამება, რომელიც არის დასაგმობი საქციელი, იმისთვის, რომ პოპულარული გახდე", - აღნიშნავს ის.

გამომდინარე იქედან, რომ მარიამ კუბლაშვილმა საქმის გარკვეულ დეტალებზე საუბარი არ ისურვა და ამის არგუმენტად მოიყვანა ის, რომ საქმის მასალებს ბოლომდე არ გაცნობია, თუმცა პარალელურად თამთა თოდაძეს ადანაშაულებდა, ტაბულამ მას ჰკითხა, ხომ არ გაურბის კითხვების ნაწილს. ამან ადვოკატის გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც მან ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.

"თქვენი კითხვა არის მორიგი პროვოკაცია. მე გითხარით, რომ სანამ ამ საქმეში ჩავერთვებოდი, სამი დღე ვმუშაობდი, გავესაუბრე ყველას, უამრავ ადამიანს. მეორე - მე თქვენთან ვიძლევი ბოლო ინტერვიუს. იმიტომ, რომ თქვენ ხართ არაპროფესიონალი, ძალიან დიდი არაპროფესიონალი თქვენი ცინიზმის გამო. თქვენ ხართ ცინიკოსი, თქვენ ჟურნალისტი არ ხართ. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ რა არის ჟურნალისტიკა", - უთხრა ადვოკატმა ჟურნალისტს.

თამთა თოდაძემ თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს დაადანაშაულა. მან პოლიციას მანამდე მიმართა, თუმცა ამბობს, რომ სრულფასოვანი რეაგირება მანამდე არ ყოფილა, სანამ ამბავი საჯარო არ გახდა. თავად ილია ჯიშკარიანი ბრალდებას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ბრძოლას იწყებს. 

პროკურატურამ ქალი დაზარალებულად შემთხვევიდან 8 დღის შემდეგ, 8 ოქტომბერს ცნო და ილია ჯიშკარიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენა - სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდრომარეობის გამოყენებით და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

აღკვეთის ღონისძიების სახით ჯიშკარიანს 10 ათას ლარიანი გირაო დღეს, "ნიუ ჰოსპიტალსში" გამართულ გასვლით სასამართლო სხდომაზე შეუფარდეს. ამასთან მას თამთა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე მოწმეებთან კონტაქტი აეკრძალა.

საქმეზე არსებითი განხილვა ​18 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოშია ჩანიშნული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები