იაპონია

იაპონიაში ტაიფუნს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 60 დაშავდა

REUTERS

12 ოქტომბერს იაპონიაში ტაიფუნს "ჰაგიბი" ორი ემსხვერპლა, დაშავებულია 60 ადამიანი. 7 მილიონზე მეტ ადამიანს ევაკუაცია ურჩიეს.

NHK-ის ინფორმაციით, ამჟამად დაკარგულია რამდენიმე ადამიანი და მათ ეძებენ.

ჰონსიუს კუნძულზე იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ 12 პრეფექტურაში, მათ შორის ტოკიოში ყველაზე მაღალი სიფრთხილის ზომები გამოსცა. ზოგიერთ პრეფექტურაში ამ რაოდენობის წვიმა ათწლეულებში ერთხელ მოდის. რეკორდული რაოდენობის წვიმა წამოვიდა იცუს ნახევარკუნძულსა და კანტოს რეგიონში, რაც ტოკიოსაც მოიცავს.

ტაიფუნი აღმოსავლეთ სანაპიროსკენ 225 კმ/სთ ქარის სიჩქარით გადადგილდება.

AFP-ის ინფორმაციით საევაკუაციო ადგილებს, დაახლოებით, 50 000 ადამიანმა შეაფარა თავი.

იაპონიაში 150 000-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. 

ტოკიოში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია. იაპონური მედიის ინფორმაციით, ათასზე მეტი ფრენა გაუქმდა.

იაპონიას ტაიფუნი თავს სექტემბერშიც დაატყდა. მაშინ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

იაპონიაში 1958 წლის შემდეგ ეს, შესაძლოა, ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იყოს. ტოკიოს ტერიტორიასა და შიცოუკას პრეფექტურაში 1958 წელს ტაიფუნს "კანოგავა" 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს საელჩო იაპონიაში ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი ტაიფუნზე აფრთხილებს.

საქართველოს საელჩო იაპონიაში მოქალაქეებს სთხოვს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ. საჭიროების შემთხევავში, მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება ცხელ ხაზზე შეეძლებათ: +81 70 3180 560

კომენტარები