სააკაშვილის ჩამოსვლა

"ჯერ ვიმარჯვებთ და მერე ჩამოდის" - როდის და როგორ უნდა ჩამოვიდეს სააკაშვილი, მელიას აზრით

"მიშა სააკაშვილი ჩამოდის და მერე ვიმარჯვებთ - არა, ჯერ ვიმარჯვებთ და მერე მიშა სააკაშვილი ჩამოდის," - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ, ტელეკომპანია მთავარის ეთერში იმ სქემაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში. 

მელია ამბობს, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პროცესების ცენტრში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ახლო მომავალში პრეზიდენტობა ან პრემიერობა ენდომება. 

"მიშა სააკაშვილს სისხლხორცეულად უნდა პრობლემების გადაჭრა, რაც არის ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილის, როგორც ერთი პოლიტიკოსის ხელისუფლებიდან გაშვება კი არა, ამ ქვეყნის გადარჩენა. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს მიეცემა შესაძლებლობა ქვეყანაში დაბრუნების და დარწმუნებული ვარ, ნორმალურ, დალაგებულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ის თავის გადაწყვეტილებას მიიღებს და ხალხიც თავისას გადაწყვეტს," - თქვა მელიამ.

მელიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი "პოლიტიკური პროცესების ზემოთ უნდა იდგეს", ის ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილს აქვს უნარი სწორ გადაწყვეტილებებს დაეთანხმოს.

"იყო განდევნილი ქვეყნიდან და ყველაფერი დაინახო ისეთი სიზუსტით, რასაც აქ მყოფი დაინახავდი, ძალიან ძნელია. მან დიდი გამოცდილება მიიღო უკვე. ბევრი რამე სხვანაირად დაინახა. ბევრად უფრო პოლიტიკურად დაღვინებული პოლიტიკოსია," - ამბობს მელია.

მელია ხსნის, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა ახლა ტექნიკურად შეუძლებელია, თუმცა მისი პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა მნიშვნელოვანია. 

"არის ჩვენს მხარდამჭერებშიც პოზიცია, რომ ჯერ სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს და მერე გავიმარჯვებთ, გაუგებარია, მანამდე როგორ უნდა ჩამოვიდეს, საზღვარს მოადგეს და პოლიციას დაუწყოს ჯაჯგური? მის ერთ დროს დაუძინებელ მოწინააღმდეგეებსაც აქვთ პოზიცია, რომ მიშა სააკაშვილის გარეშე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება არის გამორიცხული. (იქ მყოფი მიშა სააკაშვილის) ჩვენ უნდა მოვიგოთ აქ და მერე ჩამოვიდეს და ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში მიიღოს მონაწილეობა და არა პირიქით," - ამბობს მელიამ.

ამის შემდეგ გადაცემის წამყვანმა ნიკა გვარამიამ შეაჯამა მელიას მსჯელობა და ჰკითხა მას, სწორად გაიგო თუ არა ნათქვამი.

"მოიგეთ არჩევნები, მთავრობის ფორმირება ხდება სააკაშვილის გარეშე, მერე მიიღება გადაწყვეტილება ამინისტირებაზე თუ ბრალების მოხსნაზე და მიშა სააკაშვილი ჩამოდის და ის არ არის ახალ მთავრობაში. შემდეგ მუშაობს ამომრჩეველთან და 4 წლის შემდეგ იღებს მონაწილეობას ახალ არჩევნებში. სწორად გავიგე თუ არა?" - ჰკითხა გვარამიამ მელიას.

მელიამ უპასუხა, რომ ზუსტად ამას გულისხმობდა. 

“მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს მოსაზრებაში დავარწმუნო სააკაშვილი, იმიტომ რომ ასე უფრო სწორია. მე ვემხრობი ამ გზას ამით ჩვენ ძალიან ბევრს მოვიგებთ," - ამბობს მელია. 

აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრეზიდენტი ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ მალე აპირებს ქვეყანაში დაბრუნებას. ერთერთი ბოლო ინტერვიუსას, რომელიც მან ტელეკომპანია მთავარს მისცა, სააკაშვილმა თქვა, რომ "უახლოეს თვეებში" აპირებს საქართველოში ჩამოსვლას.

კომენტარები