ილია ჯიშკარიანი

ადვოკატი: თოდაძე ნასვამი რომც ყოფილიყო, ჯიშკარიანისთვის იქნებოდა დამამძიმებელი გარემოება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ადვოკატი თამარ ლუკავა, რომლის დაცვის ქვეშ მყოფი თამთა თოდაძე საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაშია ადანაშაულებს, 11 ოქტომბერს ტვ პირველის ეთერში ჯიშკარიანის ადვოკატის მიერ გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება. 

ლუკავა ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მოწმის სტატუსით იმ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის ექიმები გამოიძახეს, რომელიც 30 სექტემბერს თოდაძემ ინციდენტის შემდეგ გამოიძახა. ლუკავას თქმით, არცერთი მათგანი არ საუბრობს იმაზე, რომ თოდაძე უგონო ნასვამ მდგომარეობაში იყო. 

"ისინი პირიქით უთითებენ, რომ თამთას მიაღებინეს მედიკამენტები, გამომდინარე იქიდან, რომ მას ჰქონდა მძიმე ემოციური ფონი. რომც ყოფილიყო ნასვამ მდგომარეობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ილია ჯიშკარიანმა თავისი დანაშაული ჩაიდინა თამთას უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ ამას,"- ამბობს ლუკავა. 

ლუკავა ასევე გამოეხმაურა ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის, ნათქვამს, რომლის ვერსიითაც, უგონოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თოდაძემ საოფისე ინვენტარი ჯერ თავად დაამტვრია, მერე კი შუშის ნამხვრევებზე თავად წაიქცა და თავად გაიჭრა ხელი. 

ლუკავა ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ თოდაძეს ბლაგვი საგნის დარტყმის შედეგად დაზიანება აქვს მიღებული ფეხზეც. 

"თამთას აქვს ფეხზე მიყენებული დაზიანება, რომელიც საზოგადოებამ არაერთხელ ნახა სატელევიზიო ეთერით, სილურჯეები და ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ეს დაზიანებები არის მიღებული ბლაგვი საგნის დარტყმის შედეგად. თამთა რომ წაქცეულიყო ნამსხვრევებზე, მას ფეხზე არ ექნებოდა ასეთი დაზიანება და ფეხზე ექნებოდა ჭრილობები," - ამბობს ლუკავა ტვ პირველთან საუბარში.

საკრებულოში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ 5 ოქტომბერს დაადანაშაულა. მეორე დღეს ჯიშკარიანმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარში თქვა, რომ შეუძლოდაა და კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში მკურნალობს. 

ჯიშკარიანს ბრალი საქმის აღძვრიდან 8 დღის შემდეგ წარუდგინეს. იმავე 8 დღის შემდეგ მიანიჭეს თოდაძესაც დაზარალებულის სტატუსი. 

11 ოქტომბერს საქალაქო სასამართლომ ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახეზე იმსჯელა. ჯიშკარიანს 10 000-ლარიანი გირაო და დამატებითი ღონისძიებები დააკისრეს, როგორიცაა თოდაძესთან მიახლოების აკრძალვა და საქმეში არსებულ მოწმეებთან სპეციალური ნებართვის გარეშე კონტაქტი. პროკურატურა სწორედ 10 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, რასაც თოდაძის დაცვის მხარე არ იზიარებდა. 

საქმის განხილვა სასამართლო დარბაზის ნაცვლად, დაცვის მხარის მოთხოვნით, კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები