საზოგადოებრივი ტრანპორტი

კალაძე: ტაქსების რეგულაციებს მეტროში ხალხის რაოდენობის ზრდასთან არანაირი კავშირი არ აქვს

0 კომენტარი
ფოტო: Facebook: Kakha Kaladze

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ მეტროში ხალხის რაოდენობის ზრდას ტაქსების რეგულაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. როგორც კალაძემ ქრონიკის ეთერში თქვა, ოპონენტები ამ თემების ერთმანეთთან "მიბმას" ცდილობენ. 

"ტაქსებს ჰყავს თავისი კონტიგენტი, ადამიანები ვინც სარგებლობს. სულ სხვაა მეტროს მგზავრები, სხვაა ავტობუსის მგზავრები, მიკროავტობუსით კიდევ დამატებით... არანაირი კავშირი არ აქვს მეტროსთან. მეტროში ეს პრობლემები იყო, სანამ ტაქსების რეფორმა დაიწყებოდა და კონკრეტულად ეს უკავშირდება ვაგზლის მოედანს, სადაც არსებული კიბე, არსებული გვირაბი არ არის გამტარუნარიანი"- თქვა კალაძე. 

კალაძის თქმით, მისი მერობის პერიოდში, ბევრი რამის გაკეთება მოხერხდა. მისი თქმით, მეტროში მგზავრების გადაადგილებას და მატარებლის მისვლის დროს აკვირდებიან და ამ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობენ. 

რამდენიმე დღის წინ, კახა კალაძემ თქვა, რომ "ვისთვისაც ტაქსების გაძვირება პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა ისარგებლონ", თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ მისი ეს განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო. 

კალაძის თქმით, ტაქსების რეფორმის მთავარი ამოცანა კომფორტული სერვისი, სისუფთავე და ავტომობილის უსაფრთხოებაა, ამ ყოველივემ კი შესაძლოა ტაქსით გადაადგილების საფასურის ზრდა გამოიწვიოს. კალაძის შეფასებით, ეს ნორმალურიც იქნება.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე რეფორმების დასრულების შემდეგ აუცილებლად გაიზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. მან Facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში თქვა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გამოელაპარაკა "ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, ყველა ბედნიერი და გახარებულია".

................

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების რეგულაციის მეორე ფაზა ამოქმედდა. ახალი რეგულაციით ტაქსები ორ A და B კატეგორიებად იყოფა. 

A კატეგორიის ლიცენზირებულ ტაქსებს გარკვეული პრივილიეგები ენიჭებათ, მათ შორის მგზავრის ქუჩიდან აყვანის შესაძლებლობაც, თუმცა ამისთვის აუცილებელია ავტომობილი თეთრი ფერის იყოს. B კატეგორიის ტაქსებს არ აქვთ ვალდებულება ავტომობილი თეთრი იყოს, თუმცა ამ შემთხვევაში მათ ქუჩიდან მგზავრის აყვანის შესაძლებლობა არ ექნებათ.

ტაქსების რეგულაციის ამოქმედების შემდგომ, სულ 26 ათასი ლიცენზია გაიცა, მაგრამ ლიცენზირებული ტაქსების 30%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა, შესაბამისად მათ ჩამოერთვათ მუშაობის უფლებაც, რამაც ქალაქში როგორც ტაქსების დეფიციტი, ასევე ტარიფების საგრძნობლად გაძვირება გამოიწვია.

ამ ეტაპზე, ტაქსების რაოდენობა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ სახელმწიფოს მხირდან წარდგენილ პირობებს 16,900ია. გამოდის, რომ 9 ათასმდე ადამიანი ამ დროისთვის შემოსავლის გარეშე დარჩა.

ახალი შეზღუდვის ამოქმედების შემდეგ, სოციალური ქსელში გახშირდა ტაქსის მომხმარებლების ჩივილები ტაქსის ტარიფების გაძვირების შესახებ. ამ რეფორმის შედეგად ტაქსის გაძვირება მოსალოდნელი იყო, თუმცა ამ ინფორმაციას უარყოფს რეფორმის ინიციატორი, თბილისი მერი კახა კალაძე.

დაშვება, რომ კალაძე მართალია და ფასები ტაქსზე არ გაზრდილა საკმაოდ უსაფუძვლოა რაციონალური ეკონომიკური პერსპექტივიდან. საქმე ისაა, რომ მოკლე დროში თბილისში ტაქსების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, ხოლო მოთხოვნა იგივე დარჩა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფასები ამ მომსახურებაზე აუცილებლად გაიზრდებოდა.

შესაბამისად, გაიზარდა საზოგადოებრივი ტრანსპოტრის მომხმარებლის რიცხვიც, განსაკუთრებით სტრაფი გადაადგილების საშუალებაზე - მეტროზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები