აშშ-უკრაინა

პომპეო: ჩვენი გუნდი ცდილობს დაეხმაროს უკრაინას, კორუფცია ყველა დონეზე აღმოიფხვრას

მაიკ პომპეო
USStateDepartment

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ უკრაინის ახალი ადმინისტრაცია, განსხვავებით წინასგან, პასუხისმგებლობებს ძალიან სერიოზულად ეკიდება, რისი ნაწილიც კორუფციის აღმოფხვრაა.

პომპეომ CNN-ის ეთერში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული საიმპიჩმენტო გამოძიების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელიც ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის დეტალების გახმაურებას მოჰყვა.

პომპეო ამბობს, რომ აშშ-ს უკრაინასთან კარგი ურთიერთობა სურდა მაშინაც, როდესაც ხელისუფლების სათავეში პეტრო პოროშენკო იყო და სურს ახლაც.

" ჩვენ უკრაინაში მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური ინტერესი გვაქვს. რუსეთისგან მომავალი საფრთხე რეალურია. და ახალი ადმინისტრაცია, განსხვავებით წინასგან, თავის პასუხისმგებლობას, ძალიან სერიოზულად ეკიდება. ამის ნაწილია, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ ისინი ცდილობენ, მიაღწიონ იმას, რომ უკრაინაში ყველა დონეზე კორუფცია აღმოიფხვრას და ჩვენი გუნდი მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც სახელმწიფო მდივანი ვარ, ამ პროექტზე მუშაობს"- თქვა პომპეომ

დემოკრატიულმა პარტიამ ტრამპის მიმართ საიმპიჩმენტო გამოძიება 25 სექტემბერს დაიწყო. ამას წინ უძღოდა ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 25 ივლისს შემდგარი გახმაურებული სატელეფონო საუბრის დეტალების გასაჯაროება.

საუბრის შინაარსზე მასალა თავდაპირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ ტრამპი ზელენსკის ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის, მიმართ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავდა. ჰანტერ ბაიდენი 2014-19 წლებში უკრაინული ნავთობკომპანიის "ბურისმა" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. იმავე ინფორმაციას ავრცელებდა CNN-ც.

24 სექტემბერს ტრამპმა აღიარა, რომ მან მართლაც მიმართა ზელენსკის ბაიდენის შვილის საქმიანობის გამოძიების თხოვნით, თუმცა მისი თქმით, თხოვნას იძულებისა ან გავლენის მოხდენის შინაარსი არ ჰქონია. მოგვიანებით, დემოკრატიული პარტიის და თავად ჯო ბაიდენის მოთხოვნით, თეთრმა სახლმა საუბრის სტენოგრამაც გაავრცელა, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებდა.

ტრამპმა ასევე აღიარა, რომ თითქმის ორი თვით შეაკავა უკრაინისთვის განკუთვნილი 400 მილიონი დოლარის ფულადი დახმარების გაცემა.

კომენტარები