გავრილოვის ღამე

შსს 20 ივნისზე: რეზინის ტყვიებსა და გაზზე ადგილზე გაფრთხილება შეუძლებელი, აზრს მოკლებული იყო

0 კომენტარი
ფოტო: ტბელ აბუსერიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლის დროს, ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებამდე პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების გაფრთხილება იყო "შეუძლებელი და აზრს მოკლებული".

ამის შესახებ უწყება აქციის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მონაწილის, ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატის საპასუხო წერილში აღნიშნავს.

ბექა ბასილაიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია 20 ივნისს აქციის დაშლის გადაწყვეტილების ავტორის, ამ გადაწყვეტილების მიღების დროის, მიზეზების, სამართალდამცავების მიმართ გაცემულ მითითებების და მოქალაქეების გაფრთხილების შესახებ.

საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, რომ დაახლოებით 22:00 საათზე აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო და უწყებამ მოქალაქეებს კანონდარღვევის შეწყვეტისკენ მოუწოდა და მიუთითა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებდა.

ამასთან, უწყება მიუთითებს შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, გიორგი გახარიას ინტერვიუებზე და ამბობს, რომ მან მომიტინგეებს პოლიციის მოთხოვნისკენ დამორჩილებისკენ მოუწოდა და "მიმდინარე მოვლებას უწოდა სახელწიფო ხელისუფლების ორგანოებზე შტურმი".

გარდა ამისა, შსს ამტკიცებს, რომ 22:45-ზე აქციის მონაწილეებს "ასევე მოუწოდა თბილისის მერმა".

რაც შეეხება სპეციალური საშუალებების გამოყენებას, უწყება მიუთითებს პოლიციის შესახებ კანონის 31-ე პუნქტის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, პოლიციელი ვალდებულია სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნის სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.

გარდა ამისა, შსს მიუთითებს მინისტრის ბრძანებასა და ეუთოს რეკომენდაციებსაც, რომლის მიხედვით, რეალური საფრთხის დროს, გაფრთხილება აუცილებელი არ არის.

"განვითარებული მოვლენების, ძალადობის ინტენსივობისა და მასშტაბები გათვალისწინებით, ცრელმლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, უშუალოდ ადგილზე გაფრთხილება იყო შეუძლებელი და აზრს მოკლებული, ამასთან, არსებობდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის, ასევე, პარლამენტში შეჭრის რეალური საფრთხე", - პასუხობს შსს ბექა ბასილაიას.

რაც შეეხება წყლის ჭავლს, უწყებაში აღნიშნავენ, რომ მის გამოყენებამდე აქციის მონაწილეები ადგილზე სპეციალური ხმოვანი მოწყობილობის საშუალებით გააფრთხილეს, რადგან ამის "პრაქტიკული შესაძლებლობა არსებობდა".

ამავე წერილში შსს მიუთითებს, რომ აქციაზე გამოყენებული ყველა სპეციალური საშუალება გათვალისწინებულია კანონმდებლობით და ყველა პოლიციელს, ვინც ისინი გამოიყენა, გავლილი აქვს სპეციალური მომზადება.

ვინ და რა დროს, რა სამართლებრივი ფორმით მიიღო აქციის დაშლის გადაწყვეტილება, წინასწარ განისაზღვრა თუ არა გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებები და რა მითითება მიეცათ სამართალდამცავებს, წერილში არ ჩანს. მითითებულია მხოლოდ ის, რომ სპონტანური მანიფესტაციის შემთხვევებში უსაფრთხოების სპონტანური სამოქმედო გეგმა მუშავდება, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი "სახელმწიფო საიდუმლოების მოთხოვნათა დაცვით" ამტკიცებს და აქ აისახება, მათ შორის, სპეციალური საშუალებებისა და აღჭურვილობის შესახებ მონაცემები.

სწორედ "საიდუმლოების მოთხოვნათა დაცვით" დამტკიცებული სამოქმედო გეგმა მოჰყავთ არგუმენტად უწყებაში იმაზე საპასუხოდაც, რატომ და ვისი ბრძანებით განალაგეს სამართალდამცველები პარლამენტის ღობის მიღმა, 20 ივნისს, აქციის დაშლის დაწყებამდე.

გარდა ამისა, აქციის მონაწილის ადვოკატმა შსს-ს ჰკითხა იმ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანების ვინაობის შესახებ, რომლებიც, მისი თქმით, "ახდენენ მომიტინგეების, მათ შორის ქალების შეთრევას პოლიციის კორდონში". საპასუხოდ, უწყებაში აღნიშნავენ, რომ 20-21 ივნისს მიმდინარე მოვლენებისას სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს ეცვა სამსახურებრივი უნიფორმა, რითაც შესაძლებელი იყო მისი იდენტიფიცირება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ხილვას მასობრივი სამოქალაქო პროტესტი მოხდა. 20 ივნისს გამართული მრავალათასიანი ანტისაოკუპაციო აქცია ხელისუფლებამ ძალადობრივად - რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და მოგვიანებით წყლის ჭავლებით დაარბია. 

დარბევის შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათგან 160 სამოქალაქო პირი, რომელთაგან 2-მა, რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად, თვალი დაკარგა. პროტესტის ფონზე ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის მანდატის, ირაკლი კობახიძეს კი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დათმობა მოუწიათ. მოქალაქეების მოთხოვნის მიუხედავად, თანამდებობიდან არ გადადგა შს მინისტრი გიორგი გახარია. ის დააწინაურეს და საქართველოს პრემიერმინისტრი გახდა.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები