აშშ-სირია-თურქეთი

ტრამპი: ვმუშაობთ თურქეთისთვის მძლავრი სანქციების დაწესებაზე

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის ტვიტერის გვერდზე წერს, რომ კონგრესის წევრებთან ერთად თურქეთისათვის სანქციების შემოღებაზე მუშაობს.

"ვმუშაობთ სენატორ ლინდსი გრემთან და კონგრესის ბევრ წევრთან ერთად, დემოკრატების ჩათვლით, თურქეთისათვის მძლავრი სანქციების შემოღებაზე. ხაზინა მზადაა, შეიძლება დამატებითი საკანონმდებლო ინიციატივა გახდეს საჭირო. თურქეთი კი ითხოვდა, რომ ეს არ გვექნა. დარჩით ხაზზე!" - წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 7 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონში სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად განლაგებული ამერიკული ჯარი გამოეყვანა.

მან ამ გადაწყვეტილების დაცვისას ისიც თქვა, რომ ქურთები თურქეთს ათწლეულებია ებრძვიან და დროა ამერიკა დაუსრულებელი ომებიან გამოვიდეს.

გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე, თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაციის წარმოება დაიწყო.

აშშ-ის პრეზიდენტი ირწმუნებოდა, რომ საკუთარი “დიდი და სწორუპოვარი სიბრძნით” იხელმძღვანელებს და თურქეთს წითელი ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში ეკონომიკურად გაანადგურებს.

თურქეთი ქურთულ სახალხო დაცვის შენაერთებს, რომლებიც სირიის დემოკრატიული ძალების დიდ ნაწილს შეადგენენ, ქურთისტანის მუშათა პარტიის ნაწილად მიიჩნევს და შესაბამისად ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ბოლო წლებში არაერთი სამხედრო ოპერაცია განახორციელა სირიის ტერიტორიაზე, ამ დრომდე რეგიონში, სადაც ამერიკული ძალები სირიის დემოკრატიულ ძალებთან და მასში შემავალ ქურთულ დანაყოფებთან ერთად იყო განთავსებული სამხედრო მოქმედებებისაგან თავს იკავებდა.

ამჯერად თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონის შექმნას და ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას გეგმავს, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი.

ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს.

სამხედრო ოპერაციის არსებული გეგმა შეზღუდულ მოქმედებებს მოიცავს საზღვრის მიმდებარედ 100 კილომეტრში, სადაც ძირითადად არაბებით დასახლებული ქალაქები მდებარეობს, მათ შორის თალ აბიადი და რას ალ-აინი. ამერიკული ძალები ამ ტერიტორიიდან უკვე გავიდნენ.

კომენტარები