პოლონეთი

ეგზიტპოლის შედეგებით, პოლონეთში კაჩინსკის პარტიამ სეიმში კვლავ უმრავლესობა მოიპოვა

Wikimedia commons

ეგზიტპოლების მონაცემების მიხედვით, პოლონეთის მმართველმა გუნდმა, იაროსლავ კაჩინსკის ნაციონალისტურმა პარტიამ "კანონი და სამართლიანობა" (PiS) საპარლამენტო არჩევნებში 43.6%-იანი გამარჯვება მოიპოვა, რაც პარლამენტში უმრავლესობისთვის საკმარისი ხმების რაოდენობაა. 

ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ "სამოქალაქო კოალიციამ" ხმების 27.4% მიიღო. მემარცხენე პარტიების გაერთიანებამ 11.9% დააგროვა, კონსერვატიულმა პოლონურმა კოალიციამ 9.6% და მემარჯვენე კონფედერაციის პარტიამ 6.4%. 

შედეგად, 460-იან სეიმში PiS 239 ადგილს მიიღებს, რაც უმრავლესობისთვის საკმარისია. სამოქალაქო კოალიციას 130 ადგილი ექნება, მემარცხენეებს - 43, პოლონურ კოალიციას - 34 და კონფედერაციას - 14. 

თუკი ხმების საბოლოო დათვლის შედეგად, პროცენტული მაჩვენებელი იგივე დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ PiS-ს იმდენივე ძალაუფლება ექნება, რამდენიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ჰქონდა. 2015 წლიდან 2019 წლამდე კაჩინსკის პარტიას პარლამენტში 240 ადგილი ჰქონდა.

იაროსლავ კაჩინსკი, რომელიც პარტიის თავმჯდომარეა, ქვეყანაში არცერთ ოფიციალურ თანამდებობას არ იკავებს, თუმცა ის დე-ფაქტო მმართველად მიიჩნევა. 

კომენტარები