უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

ბაქრაძე: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით პოზიცია მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი მნიშვნელოვანია და საქართველომ თავისი პოზიცია მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს. ბაქრაძის თქმით, სიმართლე უკრაინის მხარეს არის და პროცესს რუსეთის წინააღმდეგობა ვერ შეაჩერებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინა საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა და იმსახურებს მისი მისი ქრისტიანული მიღწევების აღიარებას.

"მე მესმის ერთის მხრივ ის სიფრთხილე და გონიერება, რომელსაც საპატრიარქო იჩენს ამ საკითხთან მიმართებაში, მათ შორის რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, მაგრამ არანაირად არ მესმის იმ უკან დახევის და ზედმეტი გადაჭარბებული სიფრთხილის, რომელსაც ხელისუფლება იჩენს. ვინაიდან, განსხვავებით საპატრიარქოსგან, პოლიტიკოსებმა მკაფიოდ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ დიახ, უკრაინა არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, უკრაინას ეკუთვნის ქართველების მხრიდან გვერდით დადგომა და უკრაინის ეკლესიის აღიარება," - ამბობს ბაქრაძე.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხს საქართველოს საპატრიარქო, სავარაუდოდ, წმიდა სინოდის სხდომაზე განიხილავს, თუმცა, როდის გაიმართება სხდომა, ჯერჯერობით უცნობია. 

უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია 2018 წლის დეკემბერში მიიღო, 2019 წლის 5 იანვარს კი სტამბოლში, კონსტანტინოპოლის ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიის ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად ავტოკეფალიის ტომოსს (სიგელს) ხელი მოაწერა. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ამ დრომდე არ აღიარებს. 

12 ოქტომბერს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის საგანგებო სხდომაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარეს.

კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის ბოძების შემდეგ, საბერძნეთის ეკლესია არის პირველი, რომელმაც ახალ ავტოკეფალიასთან ევქარისტიული კავშირი დაამყარა.

საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა აღიარა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აქვს ეკლესიებისთვის ავტოკეფალიის მინიჭების კანონიკური ძალაუფლება.

უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას სამართლმადიდებლოში განხეთქილება მოჰყვა - მოსკოვის საპატრიარქომ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა.

ამ დრომდე უცნობია, გაწყვეტს თუ არა ევქარისტიულ კავშირს მოსკოვის საპატრიარქო საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთანაც.

კომენტარები