ესპანეთი

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის 9 სეპარატისტ ლიდერს პატიმრობა მიუსაჯა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრებს 2017 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში და რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებაში როლისათვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ კატალონიის 9 სეპარატის ლიდერი ამბოხებაში ცნო დამნაშავედ.

13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კატალონიის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მემარცხენე რესპუბლიკური პარტიის ლიდერს ორიოლ ჟუნკერასს. ის ამბოხებისაკენ მოწოდების გარდა თანხების გაფლანგვაშიც ცნეს დამნაშავედ.

12 წელი მიესაჯათ ამავე დანაშაულებისათვის კატალონიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ რაულ რომევას, ყოფილ შრომის მინისტრ დოლორს ბასსას და რეგიონული მთავრობის სპიკერ ჟორდი ტურულს.

კატალონიის პარლამენტის ყოფილ სპიკერს, კარმე ფორკადელს 11.5 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ყოფილ შინაგან საქმეთა და ტერიტორიულ მინისტრებს 10.5 წელი.

კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრები განაჩენის გასაჩივრებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებენ.

სასამართლო არ განიხილავდა კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის, კარლეს პუჩდემონის საქმეს, რომელიც 2017 წლის ოქტომბრიდან თავს ბელგიას აფარებს.

ის ქვეყნიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც ოფიციალურმა მადრიდრმა კატალონიის რეგიონზე პირდაპირი კონტროლი დაამყარა და რეგიონის ლიდერების გასამართლება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო.

კომენტარები