პოლიტიკური დევნა

მელია: კატეგორიულად მიუღებელია ევროპული საქართველოს მიერ დეკლარირებული - "არავინ ციხეში"

საქართველოს პარლამენტი

"ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია “ევროპული საქართველოს” მიერ დეკლარირებული „არავინ ციხეში," - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ ხელისუფლების ცვლილებას არ უნდა მოჰყვეს პოლიტიკური დევნა.

"ევროპული საქართველო ცდილობს ეს ყველაფერი მოგვაწოდოს შურისძიებაზე და რევანშზე უარის თქმად. მახინჯი მზეთუნახავად შემოგვასაღოს, პროგრესულობის შარავანდედი დაადგას იმას, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის," - ამბობს მელია.

მისივე თქმით, ეს არის ივანიშვილისა და მისი გარემოცვისათვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემა და იმას, თუ ვინ უნდა აგოს პასუხი, არა კონკრეტული ადამიანები, არამედ კანონი წყვეტს.

"გასაგებია, ვირთხას კუთხეში თუ მიიმწყვდევ - უფრო აგრესიული გახდება, მაგრამ ამიტომ, ვირთხა წისქვილში უნდა დაპატიჟო და ნებაზე მიუშვა?

ვერც ერთ დამნაშავეს ვერ მოვატყუებ და ვერ ვეტყვი, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ ხახვივით შერჩება ის სახელმწიფო ქონება, რაც მიიტაცა, ის სიმდიდრე, რომელიც დააგროვა საქართველოს მოქალაქეების, ბიუჯეტის ყვლეფის ხარჯზე. მათ მიერ მიტაცებული დაუბრუნდება სახელმწიფოს! დიახ, ზღვა დაშორდება ივანიშვილის ეზოს და ამას უნდა შეეგუოს ახლავე." - ამბობს მელია.

მელია გამარტავს, რომ ვისაც არც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და არც ქონება აქვს მიტაცებული, პასუხს არავინ მოსთხოვს, არც რამე ჩამოერთმევა და არც ციხეში მოხვდება და არჩევნებში მარცხით გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს.

ენმ-ის ერთერთი ლიდერი ამბობს, რომ პოლიტიკური განცხადებების, საქმიანობის გამო, არავინ აღმოჩნდება ციხეში და სწორედ ეს იქნება რევანშზე უარის თქმა. 

"დიახ, შურისძიება არ უნდა იყოს და არც იქნება, მაგრამ ბოდიშის მოხდით მინდა ვიკითხო:

- შურისძიება იქნება, როდესაც დაისჯებიან ისინი, ვისაც წვლილი მიუძღვით კერძაიას სიკვდილში?

- შურისძიება იქნება, როცა დაისჯებიან არჩევნების გამყალბებლები, რომელთა დანაშაულები ფირზეა აღბეჭდილი?

- შურისძიება იქნება მაჩალიკაშვილის მკვლელების დასჯა?

- გეკითხებით, შურისძიება იქნება იმათი დასჯა ვინც ტომარა თავზე ჩამოაცვა მუხთარლის?

- შურისძიება იქნება, როცა სახელმწიფოს საკუთრების მიმტაცებლებს უკან დააბრუნებინებ სახელმწიფოსგან მოპარულს?

- შურისძიება იქნება ფარცხალაძის დასჯა?

- შურისძიება იქნება საყდრისის ამფეთქებლების დასჯა?

- შურისძიება იქნება გაშიფრული ზონდერების დასჯა?

- შურისძიება იქნება თუ ვანო ჩხარტიშვილს გამოძიება შეკითხვებს დაუსვამს?

მელიას თქმით, თუ მოძალადეები არ დაისაჯნენ ისინი ძალადობას გააგრძელებენ და ასევე დაუსჯელობა სხვასაც წააქეზებს. 

"არ ვიცი, შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა და სულის ცხონებისთვის მზადაა აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ კორცხელის „გმირებისთვის“ რაიმეს პატიებას და ვერც მოვატყუებ," - თქვა მელიამ. 

13 ოქტომბერს მთავარი არხის ეთერში გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თქვა, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს. 

"მე არ ვარ მომხრე ნათქვამის "ივანიშვილი ციხეში". ამ ლოზუნგის წინააღმდეგი ვარ,"- თქვა ბოკერიამ. 

ბოკერიას თქმით, აუცილებელია, ხელისუფლების ცვლილებას არ მოჰყვეს პოლიტიკური დევნა, და ასევე აღნიშნავს, რომ პროკურატურას და სასამართლოს გაუჭირდებათ, მიუკერძოებლობის განცდა დატოვონ:

"პირველი - ერთხელ უნდა მოხდეს საქართველოში, რომ ხელისუფლების ცვლილებას არ მოჰყვა მეტნაკლებად მასობრივი დევნა წინა ხელისუფლების. ეს თუ არ მოხდა, იმისდა მიუხედავად, რა იყო იქამდე, ეს არანორმალურ პოლიტიკურ ციკლში ამყოფებს ქვეყანას. მეორე - ჩვენ არ გვაყვს არც პროკურატურა და რაც მთავარია, სასამართლო არ გვყავს ისეთი, რომელიც პოლიტიკური ფიგურების დევნისას მოგვცემდა განცდას, რომ არის მიუკერძოებელი."

ბოკერია ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში "რადიკალური ნაბიჯების" მომხრეა. კერძოდ კი ის საუბრობს ქართული სასამართლო სისტემის "ღრმა ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნის" სასამართლოსთვის მიბმაზე:

"მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა არის ყველაზე რთული ამოცანა. მე ვარ ყველაზე რადიკალური ნაბიჯების მომხრე.

ხელისუფლების შეცვლასთან ერთად მთელი სასამართლოს გაშვება არის სასამართლოს ტრადიციის კიდევ ერთი დანგრევა.

ამიტომაც მომხრე ვარ, რომელიმე ღრმა ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნის უზენაეს სასამართლოსთან ჩვენი მიბმის."

კომენტარები