ევროპული საქართველო

უგულავა: 2020-ში კოალიციის პირობებს შორის სწორედ პოლიტიკური შურისძიების დაუშვებლობა იქნება

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა იმ დისკუსიას ეხმაურება, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მისი თანაგუნდელის, გიგა ბოკერიას, ნათქვამს მოჰყვა, რომ "ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ უნდა მოჰყვეს". 

უგულავას თქმით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნის ერთერთი პირობა სწორედ ეს იქნება. 

"მთავრობის ცვლილების შემდეგ 2020-ში ევროპული საქართველოს, როგორც ამ ხელისუფლების ერთერთი მთავარი ალტერნატივის, მომავალ შესაძლო კოალიციურ თემებს, პირობებს შორის სწორედ პოლიტიკური შურისძიების დაუშვებლობა იქნება (დეტალები, მუხლებია სწორედ სადისკუსიო და არა თავად იდეა,"- წერს უგულავა. 

ევროპული საქართველოს წევრის თქმით, "უსარგებლო ცილისწამების ნაცვლად, რაც მხოლოდ ართულებს შემდგომ თანამშრომლობას", სჯობს კონკრეტულ თემებზე - დასაქმებაზე, ეკონომიკაზე, თავდაცვასა და დემოკრატიაზე საგნობრივი დისკუსიები გაიმართოს. 

"ყველა შემფითილებლის, წამახალისებლის გასაგონად მინდა, ვთქვა, რომ თუ ოპოზიციაში ყოფნისას ვერ მოვახერხეთ ცივილური დებატები თუნდაც მწვავე განსხვავებულ საკითხებზე, უკიდურესი სიბეცე იქნებოდა, გვეფიქრა, რომ მერე ჩვენს კოალიციურ ურთიერთობას ვინმე ირწმუნებს. მარტივად, თუ დღეს არ ვარგიხარ, არც ხვალ ივარგებ, ხოლო გუშინდელი წარმატებებისთვის ხვალ არავინ აგირჩევს," - წერს უგულავა. 

მისივე თქმით, ევროპულმა საქართველომ პოლიტიკური სიმწიფის ეს ტესტი ჩააბარა, როდესაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადებისთანავე მეორე ტურში გასულ კანდიდატს ქმედითი მხარდაჭერა გამოუცხადა. 

"ნაციონალურ მოძრაობას ეს ტესტი ჩასაბარებელი აქვს და არ მგონია, რომ თუნდაც მიუღებელი კრიტიკისთვის პასუხად ტალახის სროლა სერიოზული და ადეკვატური იყოს. უნდა გვესმოდეს, რომ სასწორზე არა ჩვენი კარიერა, არამედ ქვეყნის მომავალი დევს და ამგვარი ტალახის სროლით მხოლოდ ივანიშვილის პარაზიტობას ვუხანგრძლივებთ. ხოლო, ამაზე პასუხისმგებლობა და პოლიტიკური სასჯელიც ტალახის მსროლელთ დაეკისრებათ,"- წერს გიგი უგულავა და ოპონენტებს "სახის შენარჩუნებითა და წითელი ხაზების დაცვით" კამათისკენ მოუწოდებს. 

"ჩათვალეთ რომ ეს პირველი ბარიერია ხანგრძლივ ბრძოლაში, ბარიერი რომლის გადალახვის გარეშე მეორეს, უფრო რთულს, ვერ შევეჭიდებით," - წერს უგულავა. 

13 ოქტომბერს მთავარი არხის ეთერში გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თქვა, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს. 

"მე არ ვარ მომხრე ნათქვამის "ივანიშვილი ციხეში". ამ ლოზუნგის წინააღმდეგი ვარ,"- თქვა ბოკერიამ. 

დეპუტატის ამ განცხადებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისგან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისგან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

კომენტარები