მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: სულგრძელობა გვჭირდება, მაგრამ ივანიშვილს მითვისებული დოვლათი არ უნდა შერჩეს

"ეროვნული ერთიანობა და მაქსიმალური სულგრძელობა გვჭირდება, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილს უნდა შერჩეს მითვისებული ეროვნული დოვლათი, არასწორია", - ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დისკუსიას იმის თაობაზე, უნდა გასამართლდნენ თუ არა ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლების სხვა წევრები ხელისუფლების ცვლილების შემდგომ.

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სააკაშვილის ამბობს, რომ ხსენებული ქონების წაღება უნდა მოხდეს "არა მურუსიძეების და ახალი მურუსიძეების მიერ, არამედ საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ, სადაც ჩვენ მოვიწვევთ ინგლისელ, ამერიკელ, ჰოლანდიელ... მოსამართლეს და ისინი მოახდენენ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების საკითხების გარკვევას".

მისივე თქმით, "უხერხულია" წინასწარ იმის გამოცხადება, რომ "ყველას ყველაფერი შერჩება" და ეს წაქეზების ტოლფასია.

"იმ პოლიტიკოსებს მინდა ვკითხო ვინც ამას ამბობს, თქვენ რომ გაეძარცვეთ, თქვენ ქონებას რომ შეხებოდნენ, იგივე იქნებოდა თქვენი რეაქცია?! მაშინ ხალხის დოვლათმა და ქონებამ რა დააშავა?

აქ არის საუბარი საერთაშორისო პროცედურებზე, ყოველგვარი მიკერძოებულობის გამორიცხვაზე. რა თქმა უნდა, საქართველოში შეიცვლება მთავრობა, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ მიმართული ეროვნულ ერთიანობაზე ...

მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანობის პრინციპზე და საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებით. შემდეგ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებები პოლიტიკური გადაწყვეტილებებია და იქაც ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მიმტევებლები", - ამბობს სააკაშვილი.

13 ოქტომბერს მთავარი არხის ეთერში გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თქვა, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს.

"მე არ ვარ მომხრე ნათქვამის "ივანიშვილი ციხეში". ამ ლოზუნგის წინააღმდეგი ვარ,"- თქვა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, აუცილებელია, ხელისუფლების ცვლილებას არ მოჰყვეს პოლიტიკური დევნა, და ასევე აღნიშნავს, რომ პროკურატურას და სასამართლოს გაუჭირდებათ, მიუკერძოებლობის განცდა დატოვონ:

"პირველი - ერთხელ უნდა მოხდეს საქართველოში, რომ ხელისუფლების ცვლილებას არ მოჰყვა მეტნაკლებად მასობრივი დევნა წინა ხელისუფლების. ეს თუ არ მოხდა, იმისდა მიუხედავად, რა იყო იქამდე, ეს არანორმალურ პოლიტიკურ ციკლში ამყოფებს ქვეყანას. მეორე - ჩვენ არ გვაყვს არც პროკურატურა და რაც მთავარია, სასამართლო არ გვყავს ისეთი, რომელიც პოლიტიკური ფიგურების დევნისას მოგვცემდა განცდას, რომ არის მიუკერძოებელი."

ბოკერია ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში "რადიკალური ნაბიჯების" მომხრეა. კერძოდ კი ის საუბრობს ქართული სასამართლო სისტემის "ღრმა ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნის" სასამართლოსთვის მიბმაზე:

"მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა არის ყველაზე რთული ამოცანა. მე ვარ ყველაზე რადიკალური ნაბიჯების მომხრე.

ხელისუფლების შეცვლასთან ერთად მთელი სასამართლოს გაშვება არის სასამართლოს ტრადიციის კიდევ ერთი დანგრევა.

ამიტომაც მომხრე ვარ, რომელიმე ღრმა ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნის უზენაეს სასამართლოსთან ჩვენი მიბმის."

კომენტარები