არჩევნები 2020

ენმ, ევროპული საქართველო, "პატრიოტები" - ვისთან კოალიციას გამორიცხავს ირაკლი კობახიძე

0 კომენტარი

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, ევროპულ საქართველოსთან და პატრიოტთა ალიანსთან თანამშრომლობა შეუძლებელი იქნება. პალიტრანიუსის ეთერში კობახიძემ ივარაუდა, რომ თუ ქართულმა ოცნებამ ხმების 45%-ზე მეტი ვერ დააგროვა, შესაძლოა, კოალიცია საერთოდ ვერ ჩამოყალიბდეს.

"ღმერთმა ქნას, რომ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა ჩაანაცვლონ დღევანდელი ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა განშტოებები - არ მინდა, დავასახელო რომელიმე, თითოეული პარტია კონკურენტია და არ მინდა, რომელიმე დადებითად ან უარყოფითად შევაფასო. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი იქნება ის პრინციპები, რომელზეც არის აგებული ჩვენი საქმიანობა ანუ ძირითადი მიმართულებები, დაწყებული საგარეო, დასრულებული საშინაო პოლიტიკით. ეს იქნება ჩვენთვის ამოსავალი წერტილი და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუმცა, არის წითელი ხაზები და ამ წითელ ხაზებთან არის დაკავშირებული კონკრეტულ პარტიებთან კოალიციის შექმნის შესაძლებლობა. მე ვთქვი, ვისთანაც შეუძლებელი იქნება კოალიციის ჩამოყალიბება, დანარჩენებზე აქცენტს არ გავაკეთებ, არც ხაზარაძის პარტიაზე, არც მეორეზე, არც მესამეზე, არც მეოთხეზე ვნახოთ, დანარჩენ სივრცეში ლავირება არის შესაძლებელი. ამაზე მსჯელობა გვექნება არჩევნების შემდეგ, ვნახოთ, რა შედეგი დადგება და საჭირო იქნება თუ არა კოალიციის შექმნა" - თქვა კობახიძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება ქართული ოცნების და ევროპული საქართველოს, ისევე როგორც ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის კოალიცია.

"რაც საზოგადოებისთვის გაუგებარია, ის არც უნდა შედგეს. ეს არის ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება" - ამბობს კობახიძე.

რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსთან თანამშრომლობას, ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, "აქაც, მგონი, საზოგადოების განწყობა იგივე იქნება, რამდენადაც, იქ არის კოალიცია, ალბათ, წარმოუდგენელი საზოგადოებისთვის".

"ამიტომ ვამბობ, რომ ქართულმა ოცნებამ თუ არ აიღო ხმების 45%, სავარაუდოდ, შეიძლება, საერთოდ ვერ შედგეს კოალიცია" - განაცხადა კობახიძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერის პირობებში უნდა ჩატარდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები