ევროპული საქართველო

ბობოხიძე: ვინ არის დასაჭერი, ეს პოლიტიკოსებმა საერთოდ არ უნდა გადაწყვიტონ

ევროპული საქართველოს დეპუტატი კაკო ბობოხიძე იმ დისკუსიაზე საუბრობს, რომელიც მისი თანაგუნდელის, გიგა ბოკერიას, ნათქვამმა გამოიწვია, რომ ხელისუფლების შეცვლას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ უნდა მოჰყვეს. 

ბობოხიძე ამბობს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მომდევნო ხელისუფლებას წინასგან და იმის წინასგან მემკვიდრეობით დახვდება ძალიან მძიმე სისტემა, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ სისტემის გამოსწორებით უნდა დაიწყოს ყველა პროცესი. 

"მანამ, სანამ დაიწყება გახმაურებული პოლიტიკური პროცესები, თუ დაიწყება, ვისით ვაპირებთ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის გასამართლებას? ვაპირებთ თადუმაძით? ფარცხალაძეებით? მურუსიძეებით? ამიტომ, ეს რეალობა გვაქვს ჩვენ. ჩვენ როგორ მოვახერხებთ, რომ შევქმნათ სისტემა, რომლის სანდოობა და საიმედოობა მაღალი იქნება, ეგ პრობლემა გვაქვს," - ამბობს ბობოხიძე მთავარი არხის ეთერში საუბრისას.

დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, ხელისუფლება შეიცვლება თუ არა, მართლმსაჯულების სიტემა უნდა მუშაობდეს და დამნაშავეს ყოველგვარი პოლიტიკური დაკვეთების გარეშე უნდა იჭერდნენ. 

"ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ აუცილებლად, ვინ არის დასაჭერი, ეს პოლიტიკოსებმა საერთოდ არ უნდა გადაწყვიტონ,"- თქვა ბობოხიძემ. 

დეპუტატი ამბობს, რომ რასაც გიგა ბოკერია გულისხმობდა არის ის მდგომარეობა, რომელშიც ხელისუფლება 2005 წელს იყო. 

"გიგა ბოკერია რასაც ამბობს, ჩვენ შეიძლება, დავდგეთ ისეთ ვითარებაში, როგორც 2005 წელს, როცა ხალხი კვერს გვიკრავდა, როცა "მოპარულ ქონებას ვუბრუნებდით სახელმწიფოს". ბრჭყალებში იმიტომ, რომ მერე აიზილა ერთმანეთში, როდის ვიქცეოდით სამართლიანად და როდის - არა,"- თქვა ბობოხიძემ. 

13 ოქტომბერს მთავარი არხის ეთერში გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თქვა, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს. 

"მე არ ვარ მომხრე ნათქვამის "ივანიშვილი ციხეში". ამ ლოზუნგის წინააღმდეგი ვარ,"- თქვა ბოკერიამ. 

ბოკერიას ამ განცხადებას ერთიანი ნაციონალური ლიდერების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. ევროპული საქართველოს ლიდერი თავის ინიციატივას ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობით ხსნის. 

"პრიორიტეტი უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, ამის გარეშე არ შეიძლება პოლიტიკური ოპონენტების გასამართლება. ამას სჭირდება გარკვეული დრო, ეს არის ჩვენი, ევროპული საქართველოს გზავნილი და არა ის, რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს,"- განმარტა ბოკერიამ. 

კომენტარები