ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სამადაშვილი ბოკერიაზე: ის და მის გარშემო ორგანიზებულები სასარგებლო იდიოტებს ჰგვანან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი ევროპული საქართველოს დეპუტატ გიგა ბოკერიაზე და "მის გარშემო ორგანიზებულ ხალხზე" ამბობს, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო იდიოტებს გვანან. 

ამის შესახებ სამადაშვილმა მთავარი არხის ეთერში იმ დისკუსიის შესახებ ისაუბრა, რომელიც ბოკერიას ნათქვამს მოჰყვა, რომ ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ უნდა მოჰყვეს. 

სამადაშვილმა ევროპული გადაცემაში ევროპული საქართველოს დეპუტატ კაკო ბობოხიძეს მიმართა და უთხრა, რომ მათ შეუძლიათ, ისაუბრონ და იკამათონ ყველაფერზე, მათ შორის იმაზე, რამდენად არის ეს ინიციატივა "პოლიტიკურად დამაზიანებელი, პოლიტიკურად განხორციელებადი და რამდენად არის საზოგადოების დაკვეთა". 

"ბევრ რამეზე შეიძლება, ვიმსჯელოთ, მაგრამ როდესაც ეს განცხადებები გამოიყენება იმისთვის, რომ იქმნება ზუსტად იგივე დისკურსი ძირითადი ოპოზიციური პარტიის გარშემო, რომელსაც დიდი ხანია ავითარებს ივანიშვილი და როდესაც ამ დისკურსის შექმნაში მონაწილეობს ოპოზიციის ლიდერი და სხვები მის გარშემო ორგანიზებული ხალხი, აქ მაქვს მარტივი შეკითხვა მე: ივანიშვილის სასარგებლო იდიოტები არიან, თუ გამიზნულად აკეთებენ ამას? მე არ ვიცი, გამიზნულად აკეთენ თუ არა ამას, მაგრამ სასარგებლო იდიოტებს რომ გვანან, შემიძლია ზუსტად გითხრათ,"- თქვა სამადაშვილმა. 

ბობოხიძემ მას სთხოვა, დაეზუსტებინა, კონკრეტულად რა არის ივანიშვილის მიერ შექმნილი ის დისკურსი, რომელშიც ევროპული საქართველო მონაწილეობს, რაზეც სამადაშვილმა პასუხი არ გასცა და თქვა, რომ "ევროპულ საქართველოს აქვს მეტი პოტენციალი და სულ სხვანაირად უნდა იქცეოდეს". 

13 ოქტომბერს მთავარი არხის ეთერში გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თქვა, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს. 

"მე არ ვარ მომხრე ნათქვამის "ივანიშვილი ციხეში". ამ ლოზუნგის წინააღმდეგი ვარ,"- თქვა ბოკერიამ. 

ბოკერიას ამ განცხადებას ერთიანი ნაციონალური ლიდერების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. ევროპული საქართველოს ლიდერი თავის ინიციატივას ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობით ხსნის. 

"პრიორიტეტი უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, ამის გარეშე არ შეიძლება პოლიტიკური ოპონენტების გასამართლება. ამას სჭირდება გარკვეული დრო, ეს არის ჩვენი, ევროპული საქართველოს გზავნილი და არა ის, რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს,"- განმარტა ბოკერიამ. 

კომენტარები