ილია ჯიშკარიანი

ჯიშკარიანის ადვოკატი თამთა თოდაძეს სატელევიზიო დებატებში იწვევს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეს, რომელიც ჯიშკარიანს ამ ბრალდებებს უყენებს, მის ადვოკატთან ერთად, სატელევიზიო დებატებში იწვევს. 

კუბლაშვილმა Facebook-ზე დაწერილ პოსტში მთავარი არხის გენერალურ დირექტორსა და ერთერთი გადაცემის წამყვან ნიკა გვარამიას მიმართა და დებატებისთვის ეთერის დათმობა სთხოვა. 

"დღის დასასრულს, ამდენი გაუგებრობისა და ქაოსის აღმოსაფხვრელად, მივმართავ ბატონ ნიკა გვარამიას, გთხოვთ, დამითმეთ ეთერი და მოიწვიეთ ჩემთან დებატებში თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი. ფორმატი იყოს პირდაპირი ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, მზად ვარ, ღია და პირდაპირი საუბრისთვის, კითხვებზე პასუხისთვის!" - წერს კუბლაშვილი. 

ადვოკატი გვარამიასგან ასევე ითხოვს, რომ მას მიეცეს საშუალება, "ამომწურავი კითხვები" დაუსვას თამთა თოდაძეს, რომელიც პროკურატურამ ამ საქმეში დაზარალებულად ცნო. 

საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი ილია ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. 11 ოქტომბერს ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. ჯიშკარიანს ასევე აეკრძალა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეში არსებულ მოწმეებთან კონტაქტი. 

დაცვის მხარის მოთხოვნით, განხილვა სასამართლოს ნაცვლად კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარდა. მას შემდეგ, რაც თოდაძემ შესაძლო ძალადობაზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა, ჯიშკარიანმა მედიასთან თქვა, რომ ის კლინიკაში მკურნალობს. 

პროკურატურის მიერ დაყენებულ აღკვეთის ღონისძიების სახეს დაზარალებულის მხარე არ იზიარებდა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ, მას შეუძლია, საქმის სრულყოფილ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს. 

ამასთან, უფლებადამცველი ბაია პატარაია ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომლითაც ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასტურდება. უფლებადამცველები პროკურატურისგან შესაბამის ახსნა-განმარტებას მოითხოვენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები