ბუკერის პრემია

ბუკერის პრემია მარგარეტ ეტვუდსა და ბერნარდინ ევარისტოს გადაეცათ

მარგარეტ ეტვუდი და ბერნარდინ ევარისტო
Getty Images

2019 წლის ბუკერის პრემიის გამარჯვებულებად კანადელი მწერალი მარგარეტ ეტვუდი და ბრიტანელი ბერნარდინ ევარისტო დასახელდნენ. 79 წლის ასაკში ეტვუდი ყველაზე ხანდაზმული მწერალი გახდა, რომელმაც ეს პრემია მოიპოვა, ხოლო ევარისტო პირველი ფერადკანიანი ქალი.

ეტვუდმა პრემია "მხევლის წიგნის" გაგრძელებისათვის მიიღო. მის ახალ წიგნს "აღთქმები" (The Testaments) ჰქვია. ევარისტომ კი პრემია ნოველისთვის "გოგონა, ქალი, სხვა" მიიღო. ისინი საპრიზო თანხას, 50,000 ფუნტს გაიყოფენ.

გამარჯვებულების გამოცხადების შემდეგ ეტვუდმა ევარისტოს მიმართა:

"ვფიქრობდი, რომ ზედმეტად ხნიერი ვარ და ამგვარი ყურადღება არ მჭირდება. ამიტომ მოხარული ვარ, რომ შენც იღებ მას. აქ მარტო დგომა შემრცხვებოდა, მიხარია, რომ შენც აქ ხარ."

ეტვუდმა ბუკერის პრემია 19 წლის წინ "ბრმა მკვლელისათვის" მიიღო. 33 წლის წინ ის "მხევლის წიგნისათვის" იყო წარდგენილი. მას შემდეგ, რაც ამ წიგნის მიხედვით სატელევიზიო შოუ გადაიღეს, მისი პოპულარობა ხელახლა გაიზარდა და ეტვუდმა მისი გაგრძელების დაწერა გადაწყვიტა. "აღთქმების" მოქმედება "მხევლის წიგნიდან" 15 წლის შემდეგ ვითარდება და კვლავ გილეადის შესახებ მოგვითხრობს, თუმცა ამჯერად ლიდიას თვალით. წიგნი სექტემბერში გამოვიდა და ბრიტანეთში პირველ კვირაში 100,000 ეგზემპლარი გაიყიდა.

ევარისტოს წიგნი კი 12 თავისაგან შედგება. ყველა მათგანი სხვადასხვა პერსონაჟის ცხოვრებას და ერთმანეთთან თანაკვეთას ასახავს. პერსონაჟების უმეტესობა ფერადკანიანი ბრიტანელი ქალები არიან.

"ჩვენ, ფერადკანიანმა ბრიტანელმა ქალებმა ვიცით, რომ საკუთარ თავს თუ არ ჩავწერთ ლიტერატურაში, ამას სხვა არავინ გააკეთებს." თქვა ევარისტომ.

ბუკერის პრემიის წესების მიხედვით პრიზის გაყოფა არ შეიძლება, თუმცა ჟიურიმ განაცხადა, რომ ამ ორ წიგნს ერთმანეთისგან ვერ განაცალკევებდნენ. ბუკერის პრემია ყოველწლიურად ინგლისურ ენაზე დაწერილ და დიდ ბრიტანეთში დაბეჭდილ საუკეთესო ნოველებს გამოავლენს. პრემიის წესები 1992 წელს შეცვალეს, როდესაც ბოლოს ორი გამარჯვებული გამოვლინდა. მანამდე მსგავსი შემთხვევა 1974 წელსაც დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, ჟიურიმ გადაწყვიტა, რომ ორივე წინგს სასწრაფო მესიჯი ჰქონდა დღევანდელი საზოგადოებისათვის.

ეტვუდისა და ევარისტოს ნოველების გარდა ნომინირებული იყო ლუცი ელმანის "იხვები, ნიუბურიპორტი", ჩიგოზი ობიომას "უმცირესობების ორკესტრი", სალმან რუშდის "კიხოტი" და ელიფ შაფაქის "10 წუთი და 38 წამი ამ უცნაურ სამყაროში".

კომენტარები