ალექსანდრე ერქვანია

"ვინ სტუმარია და ვინ მასპინძელი ვერ გაიგებ" - დეპუტატის ქსენოფობიური, ჰომოფობიური გამოსვლა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან ქვეყანაში "საგანგებო დემოგრაფიული მდგომარეობის" გამოცხადებას ითხოვს.

ალექსანდრე ერქვანიას თქმით, მთელი ძალისხმევა ერის გამრავლებისკენ უნდა იყოს მიმართული.

დეპუტატმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე სტერეოტიპული, სექსისტური და ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა.

"დღეს მთავარი განსახილველი საკითხები გენდერული კვოტირება, გენდერული თანასწორობა და მეტი ქალი პოლიტიკაში კი არ უნდა იყოს, არამედ მთელი ყურადღება, ძალისხმევა და ფულადი რესურსი მიმართული უნდა იყოს დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ოჯახების გასაძლიერებლად და ერის გასამრავლებლად. ქვეყანაში უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშები, გამკაცრდეს საემიგრაციო პოლიტიკა, უნდა აიკრძალოს მამათმავლობისა და მსგავსი გარყვნილებების პროპაგანდა. განსაკუთრებული ყურადღება და დახმარება უნდა გაეწიოთ ორსულ ქალებსა და მრავალშვილიან ოჯახებს. მივმართავ მთავრობას, შობადობის გაზრდის მიზნით, სასწრაფოდ განახორციელოს ეფექტური ღონისძიებები და ქვეყანაში გამოაცხადოს საგანგებო დემოგრაფიული მდგომარეობა", - თქვა ალექსანდრე ერქვანიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

გარდა ამისა, მან ოკუპანტები უწოდა საქართველოს მეზობელ, პარტნიორ სახელმწიფოებს.

"ღირსება ფულზე, ზნეობა კი უზნეობაზე გავცვალეთ. ცხოვრების მთავარ საზრისად ფული და ძალაუფლება ვაქციეთ. ერთმანეთის ზიზღი და სიძულვილი დავთესეთ და შედეგიც სახეზეა - ზოგი დავით გარეჯს გვედავება, ზოგს თბილისი მიაჩნია თავის ქალაქად, ზოგიც აჭარას თვლის თავის ტერიოტორიად. ოკუპანტები აგრძელებენ ჩვენი ტერიტორიების მითვისებას და ცდილობენ ჩვენი ისტორიის გაყალბებასა და დამახინჯებას. ქვეყანაში ვინ სტუმარია და ვინ მასპინძელი, ვეღარ გაიგებ. სამწუხაროდ, ხელისუფლება სათანადოდ ვერ აფასებს და ვერ აცნობიერებს იმ მძიმე შედეგებს, რაც შეიძლება მოყვეს ზემოხსენებული პრობლემების მოუგვარებლობას. რად გვინდა დაგებული გზები, გალამაზებული ქალაქები და შენობები, თუ ქართველები აღარ ვიქნებით", - თქვა დეპუტატმა.

დღესვე, ქართული ოცნების წარმომადგენელმა მორიგ ჯერზე ისაუბრა აბორტის შესახებ და მას მკვლელობა უწოდა.

ალექსანდრე ერქვანიას მსგავსი შინაარსის, მათ შორის, ე.წ. ქართული მარშის მხარდამჭერი განცხადებები არაერთხელ გაუკეთებია.

კომენტარები