ევროპული საქართველო

ხოშტარია ოცნებას: გომურზე მე უკვე მერიდება საუბარი, არ ვიცი, თქვენ როგორ გრძნობთ თავს

0 კომენტარი

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ, 20 ივნისს დაშავებული მოქალაქეების დაზარალებულად ამ დრომდე არცნობის საკითხი პარლამენტში კიდევ ერთხელ დააყენა. 

ხოშტარიამ ქართული ოცნების უმრავლესობას ოფიციალური მონაცემები წაუკითხა იმის შესახებ, თუ რამდენი მოქალაქე და რა დაზიანებებით დაშავდა 20 ივნისს და მათგან რამდენს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. 

"შედეგად, ჩვენ გვყავს 67 დაზარალებული პოლიციელი და მხოლოდ 4 დაზარალებული მოქალაქე. ამ ოთხ დაზარალებულ მოქალაქეში არ შედის მაკო გომური, რომელზეც მე უკვე მერიდება საუბარი და არ ვიცი, თქვენ როგორ გრძნობთ თავს მის წინაშე და ყველასთვის ცნობილია, რომ ის გახდა მართლა ამ ტრაგიკული სისასტიკის სიმბოლო. ასევე არ შედის კობა ლეთოდიანი, რომელმაც მარჯვენა თვალი დაკარგა 90-იან წლებში რუსეთთან ომში, სოხუმში და მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა ახლა, გავრილოვის ღამეს," - თქვა ხოშტარიამ. 

დეპუტატის თქმით, ამ ოთხ დაზარალებულ მოქალაქეში ასევე არ შედიან არც ის ადამიანები, რომლებმაც პროკურატურაში კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით ჩვენებები მისცეს. 

"მე მართლა მაინტერესებს, რა გზავნილია, როდესაც სახელმწიფო იძახის, რომ არა, არც მაკო გომურს, არც კობა ლეთოდიანს, არც იმ დაშავებულ ადამიანებს მე არ ვაღიარებ დაზარალებულად და ამის პარალელურად ჩვენ გვესმის ფარისევლური განცხადებები, მაგალითად, ანრი ოხანაშვილის, რომელიც ამბობს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანები არიან დაზარალებული ადამიანები,"- თქვა ხოშტარიამ. 

დეპუტატის თქმით, მას არ ესმის, რა მორალური, პოლიტიკური ან სამართლებრივი გზავნილია, როდესაც ყველასთვის ცნობილ სასტიკად დაშავებულ ადამიანებს პროკურატურა დაზარალებულად არ ცნობს. 

"ან რა მიდგომაა მოქალაქეების მიმართ, როდესაც პოლიციელი არის დაზარალებული და სხვა არა. მე ან ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით. რომ აი, თუ პოლიციაშია და დღეს ჩემიანია, დავალება უნდა შემისრულოს, ამიტომ ის დაზარალებულია, ამიტომ იმას გამოვუშვებ და თუ მოქალაქეა, რომელიც მე არ მომწონს, რასაც აკეთებს, თუ მოქალაქეა, რომელიც მე პარტიულ და პოლიტიკურ პრობლემას მიქმნის, მაშინ ის არ იქნება დაზარალებული. 

რაც უფრო დარწმუნებული იქნებით იმაში, რომ ეს სისასტიკე და უკანონობა რაიმე სახით ამ ხელისუფლებას გაუვა, მითუფრო სასტიკი იქნება ის პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენ მოგეთხოვებათ ამაზე,"- ამბობს ხოშტარია. 

20 ივნისის საქმეზე პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი 67 სამართალდამცავსა და მხოლოდ 4 მოქალაქეს მიანიჭა. ეს იმ ფონზე, რომ ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის დროს 260-ზე მეტ დაშავებულ ადამიანს შორის, 160-ზე მეტი სამოქალაქო პირია - მათგან 37 ჟურნალისტი, მათ რეზინის ტყვიებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. აქციის დარბევისას თვალი დაკარგა ორმა ადამიანმა. მხედველობა დაკარგა ან დაუზიანდა 6 ადამიანს. რეზინის ტყვია სახის არეში მოხვდა 13 ადამიანს, გულმკერდის არეში - 48-ს. სხვადასხვა სახის მსუბუქი დაზიანება კი 57-მა ადამიანმა მიიღო. 

20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლებით დაარბია. დღემდე ამ საქმეზე მხოლოდ 3 სამართალდამცველს აქვს ბრალი წარდგენილი, მათგან დაკავებული არცერთი არ არის. 20 ივნისის საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი 19 სამოქალაქო პირს, რომელთაგანაც 14 ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები