პოლიტიკური დევნა

ელისაშვილი: რომ დადგა ბოკერია და რომის პაპივით ინდულგენციებს არიგებს, რა სიგნალია ეს?!

"რომ დადგა გიგა ბოკერია და რომის პაპივით ინდულგენციებს არიგებს, თითს არ დაგაკარებთ არავის - რა სიგნალია ეს?!" - "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი გოგა ბოკერიას განცხადებებს ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტიკური დევნა და შურისძიება არ უნდა იყოს. ელისაშვილი ამბობს, რომ ბოკერიას გადასაწყვეტი არ არის ვის დაიჭერენ და ვის არა.

"ეს რა ნათქვამია, რომ მიდით ბიჭებო, ერთი წელი რაც დაგრჩათ მოსაპარი ქართულ ოცნებას, მოიპარეთ, რაც გასაფლანგია, გავფლანგეთ, რაც დარღვევა გინდათ დაარღვიეთ და ყველას ყველაფერი შეგრჩებათ. ვინც აშავებს ან დააშავებს მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს. ოღონდ არა მურუსიძის და მაიმუნების მართლმსაჯულების წინაშე კი არა, არამედ წესიერი მართლმსაჯულების წინაშე. შეხედეთ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ," - ამბობს ელისაშვილი.

ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ამ თემასთან დაკავშირებით 13 ოქტომბერს ტელეკომპანია მთავარის ეთერშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს. მან ასევე განმარტა, რომ "დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის გარეშე არ შეიძლება პოლიტიკური ოპონენტების გასამართლება."

ბოკერია ასევე აღნიშნავს, რომ ევროპულ საქართველოს დასაჭერი ხალხის არანაირი წინასწარი სია არ აქვს და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პრიორიტეტი უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა.

კომენტარები