რუსეთი

ჟურნალისტებს, რომლებიც რუსული კერძო სამხედრო კომპანიების საქმიანობას იძიებენ, ემუქრებიან

რუს ჟურნალისტებს, რომლებიც აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში რუსული კერძო სამხედრო კომპანიების საქმიანობას იძიებენ ემუქრებიან. ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების დამოუკიდებელი პლატფორმის Proekt-ის რედაქტორმა რომან ბადანინმა ისაუბრა.

Proekt-ის ფარგლებში მარტში ჟურნალისტებმა სტატიები გამოაქვეყნეს კერძო სამხედრო კომპანიის, Wagner-ის შესახებ. ამავე პერიოდში მათ მუქარის შემცველი წერილები მიიღეს.

უცხო პირებმა სცადეს მათი სოციალური მედიის ანგარიშების გატეხვა, ასევე ელექტორნული ფოსტისა და ტელეგრამის. ერთ-ერთ ჟურნალისტს კი ქუჩაშიც აედევნენ.

"ამით ისინი ცდილობენ აგვანერვიულონ, რომ ყურადღება გადაგვატანინონ ჩვენი სამუშაოდან, ნათელი გახადონ, რომ გვიყურებენ." თქვა ბადანინმა.

ის ამბობს, რომ ვერ დაამტკიცებს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, თუმცა საგულისხმოა, რომ მსგავსი აქტივობები ლიბიაში Wagner-ის ქმედებებზე გამოძიების ჩატარების შემდეგ დაიწყო.

ბადანინი ამბობს, რომ პოლიციაში არ უჩივლიათ და მიაჩნიათ, რომ ამ საკითხის გასაჯაროვება უფრო ეფექტური საშუალებაა პრობლემასთან საბრძოლველად.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 3 რუს ჟურნალისტს უცნობი პირები დაესხნენ თავს და მოკლეს. გადარჩენილი მძღოლის მიხედვით თავდამსხმელები ბუჩქებში იყვნენ ჩასაფრებული და მიახლოებისას მათ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. სამივე ჟურნალისტი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

ისინი რუსული ონლაინ საინფორმაციო ორგანიზაციის, "გამოძიების კონტროლის ცენტისათვის" მუშაობდნენ, რომელსაც ყოფილი რუსი ნავთობმაგნატი, მიხაილ ხადარკოვსკი აფინანსებს.  ორგანიზაციას წასრულში პუტინთან დაკავშირებული პირების კორუფციული გარიგებების შესახებ რამდენიმე გამოძიება აქვს ჩატარებული.

ორჰან ჯემალი, ალექსანერ რასტორუნიევი და კირილ რადჩენკო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სწორედ დაქირავებული რუსი სამხედროების, ე.წ. "ვაგნერის" ჯგუფის საქმიანობას იძიებდნენ.

"ვაგნერი" ფართო ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 7 თებერვალს სირიაში, დირ ეზ-ზურის პროვინციაში აშშ-ის კოალიციასა და ასადის რეჟიმის ძალებს შორის შეტაკების შედეგად ასადის ძალების მხარეს მებრძოლი დაქირავებული რუსი მეომრები დაღუპნენ.

Wagner Group-ის ლიდერი 47 წლის ყოფილი პოდპოლკოვნიკი დმიტრი უტკინია, რომელიც რუსეთის სპეცრაზმში და 2013 წლამდე მთავარ სადაზვერვო სამმართველოში (GRU) მსახურობდა. ამის შემდეგ უტკინი Moran Security-ში წავიდა სამუშაოდ და 2013 წლის შემოდგომაზე რუსული კერძო სამხედრო კომპანიის Slavonic Corps-ის მისიაშიც მონაწილეობდა. 2014 წლიდან ის უკრაინის ლუგანსკის რეგიონში იმყოფებოდა და მისი დაღუპვის შესახებ ცნობებიც გავრცელდა, თუმცა მას შემდეგ ის როგორ “ვაგნერის” ლიდერი ხელახლა გამოჩნდა, ამჯერად კრასნოდარის მხარეში, მოლკინოს საწვრთნელ ბაზაზე (აღსანიშნავია, რომ აქვეა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) სპეცრაზმის მეათე ბრიგადის მთავარი ბაზაც) და შემდეგ უკვე კრემლშიც და პუტინთან ერთად სურათებშიც ამოიცნეს. უტკინს მამაცობისთვის ჯილდოც აქვს მიღებული.

გავრცელებული ცნობით, უტკინი მჭიდრო კავშირშია “პუტინის მზარეულთან” ევგენი პრიგოჟინთან, რუს ოლიგარქთან, რომელმაც მეტსახელი კრემლის საკვებით მომმარაგებელი კომპანიის ფლობის გამო დაიმსახურა.

აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ "პუტინის მზარეულის" მეტსახელით ცნობილ ევგენი პრიგოჟინს 7 თებერვალს სირიის დირ ეზ-ზურის პროვინციაში ასადის ძალებს და მათ მხარეს მებრძოლ რუს დაქირავებულ სამხედროებსა და აშშ-ის კოალიციის ძალებს შორის შეტაკებამდე კრემლთან და სირიის ოფიციალურ პირებთან ინტენსიური კონტაქტი ჰქონდა.

სირიის გარდა Wagner-ის მებრძოლები უკრაინაში სეპარატისტების მხარესაც იბრძოდნენ. “ვაგნერი” და უტკინი აშშ-ის სახაზინო დეპატრამენტმა უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო სანქციების სიაშიც შეიყვანა. სანქციების სიაში არის ევგენი პრიგოჟინიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ბიზნეს კავშირების გამო.

ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის მიხედვით "ვაგნერი" სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშიც ოპერირებს. მიმდინარე წელს ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს რუსეთმა იარაღი მიაწოდა და საწვრთნელად ასობით სამხედრო ინსტრუქტორი გაუგზავნა. რუსეთი უარყოფს, რომ "ვაგნერის" მებრძოლები ქვეყანაში მათი ბრძანებით იმყოფებიან.

გაზეთ Neue Zürcher Zeitung-ის მიხედვით მიმდინარე წლის მაისში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 1,400 დაქირავებული რუსი სამხედრო იმყოფებოდა.

სირიაში მოქმედი რუსული კერძო სამხედრო კომპანიების და კრემლთან მათი კავშირების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები