თურქეთი-სირია

თურქმა ფეხბურთელებმა გატანილი გოლები სამხედრო სალმით აღნიშნეს, საქმეს UEFA შეისწავლის

მაჰმუთ ტეკდემირი, ბურაკ ილმაზი, მერიჰ დემირალი და უმუთ მერასი აღნიშნავენ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გატანილ გოლს.
Aurélien Meunier/Getty Images / The Guardian

უეფა თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელების საკითხს შეისწავლის - ორშაბათს, 14 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში საფრანგეთის წინააღმდეგ მატჩში გატანილი გოლი მათ სამხედრო სალმით აღნიშნეს. 

საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის დროს სამხედრო სალამი თავდაპირველად კაპიტანმა ბურაკ ილმაზმა მისცა, მას მხარი მეკარე მერთ გიუნოკმა და სხვა ფეხბურთელებმა აუბეს.

ეს ჟესტი აღქმულ იქნა თურქული სამხედრო ძალების მხარდაჭერად ჩრდილოეთ სირიაში ქურთების მიერ დაკავებული რეგიონების დაბომბვაში. 

სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ფეხბურთელებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს, ერთი კვირაა მიმდინარეობს - 9 ოქტომბრიდან თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში, ქურთისტანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ატარებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქურთულ შეიარაღებულ ფორმირებებს, რომელთაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ მხარს უჭერდა, ტერორისტებად მიიჩნევს და ტერიტორიის მათგან "გაწმენდას" გეგმავს. ერდოღანმა სამხედრო ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მ ჯარები გაიყვანა.

უეფა ასევე შეისწავლის თურქი ფეხბურთელების ანალოგიურ საქციელს პარასკევს, 11 ოქტომბერს ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გატანილი გოლის შემდეგ. ფეხბურთის ევროპული ფედერაცია სტადიონებზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას კრძალავს. 

მცველმა მერიჰ დემირალმა სცადა თანაგუნდელების დარწმუნება, თავი შეეკავებინათ მსგავსი მისალმებისგან, რამაც მას და კან აიჰანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია, თუმცა, მათი გადარწმუნება ვერ მოახერხა. 

კან აიჰანი, ასევე კენან კარამანი გერმანულ კლუბში, ფორტუნა დიუსელდორფში თამაშობენ. კლუბმა პარასკევის მატჩის შემდეგ განცხადება გაავრცელა და ფეხბურთელების "პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებას" გაემიჯნა. კლუბის დირექტორმა, ლუზ ფანენსტიელმა თქვა, რომ ორივე ფეხბურთელი კლუბის ღირებულებების ერთგულია. 

თურქეთის ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, სენკ ტოზუნმა, რომელმაც ასევე მისცა სამხედრო სალამი ალბანეთის წინააღმდეგ მატჩში, ინსტაგრამზე თავისი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "ჩვენი ერისთვის, განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც ჩვენი სამშობლოსთვის სიცოცხლეს რისკავენ". 

ლესტერ სითის მცველმა, კაგლარ სოიუნკურმა, რომელიც თურქეთის ნაკრების შემადგენლობაში ორივე თამაშში მონაწილეობდა, ტოზუნის ინსტაგრამ პოსტის საპასუხოდ გულის სიმბოლოები და თურქეთის დროშა დაწერა. 

ეს პოსტი ასევე მოიწონეს გერმანიაში მოთამაშე თურქმა ფეხბურთელებმა გუნდოგანმა და ემრე კანმა. 

გერმანულმა კლუბმა სან პაულიმ მკაცრი ზომები მიიღო და ერთ-ერთი ფეხბურთელი, სენკ საჰინი გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც მან თურქეთის ჯარების მხარდაჭერა სირიაში ღიად გამოხატა. განცხადებაში ეწერა, რომ ეს მათი კლუბის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. 

კომენტარები