პოლიტიკური დევნა

ხაზარაძე ამნისტიაზე: ყველამ უნდა აგოს პასუხი, თუ ჩადენილი აქვს მაღალი დონის დანაშაული

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ხელისუფლების შემცვლის შემთხვევაში, მანამდე ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოიძიონ და ყველას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც კრიმინალი ჩაიდინა. "ყველამ უნდა აგოს პასუხი, თუ ჩადენილი აქვს მაღალი დონის დანაშაული."

ხაზარაძე ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში გიგა ბოკერიას განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ბოკერია ამბობდა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტიკური დევნა და შურისძიება არ უნდა იყოს.

ხაზარაძე ასევე აღნიშნავს, რომ ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს სასამართლოსა და პროკურატურის სისტემის შეცვლა.

"საერთოდ, ჰუმანურ ადამიანად მიმაჩნია თავი და ამნისტია და პატიება ჩემს ბუნებაში არის, მაგრამ როცა სახელმწიფო არა გაქვს, როცა ამდენი კორუფციული გარიგება ხდება ქვეყანაში, ამდენი დანაშაული და შერჩევითი სამართალი ხდება, აუცილებლად ყველა ეს საკითხი უნდა იქნას გამოძიებული, ოღონდ არა ამ პროკურატურის და სასამართლოს მიერ," - ამბობს ხაზარაძე.

ხაზარაძის თქმით, მანამდე ჩადენილი დანაშაულები ახალმა პროკურატურამ და ახალმა სუფთა ადამიანებმა უნდა გამოიძიონ და ასევე ის საქმეები, რომლებიც თაროებზეა შემოდებული. 

"რა ნიშნავს ამნისტია, ეს ნიშნავს, რომ მოდი გავაფუჭებ და მერე?.... პოლიტიკური ამინისტია სხვა რაღაცაა. ამის ქვეტექსტი არის ის, რომ მე ისევ იმ პროკურატურას გამოვიყენებ. შენ თუ ხელისუფლებაში მოდიხარ და შენ იმის მექანიზმი გაქვს, რომ იმ პროკურატურას დაავალო, რომ ამ პოლიტიკოსებზე არ აღძრა საქმე, იმიტომ რომ ამინისტია მაქვს გამოცხადებული, ეს გაუგებარი რამეა. ეს ნიშნავს, რომ შენ ისევ იბარებ ამ პროკურატურას. ის პროკურატურა უნდა დაიშალოს და ახალი პროკურატურა უნდა მოვიყვანოთ," - ამბობს ხაზარაძე.  

წამყვანის კითხვაზე, ემხრობა თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი პასუხიმგებლობის დაყენებას, ხაზარაძე პასუხობს - "ყველას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ჩემი თუ დადგა და შენი თუ დადგა, რომ პრემიები გაქვს დარიგებული რატომ არ უდნა დადგეს?!"

ხაზარაძე ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რევანში უნდა დამთავრდეს. "ჩვენ თუ არ გავერთიანდით არ მივუტევეთ..."

ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ამ თემასთან დაკავშირებით 13 ოქტომბერს ტელეკომპანია მთავარის ეთერშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს. მან ასევე განმარტა, რომ "დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის გარეშე არ შეიძლება პოლიტიკური ოპონენტების გასამართლება."

ბოკერია ასევე აღნიშნავს, რომ ევროპულ საქართველოს დასაჭერი ხალხის არანაირი წინასწარი სია არ აქვს და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პრიორიტეტი უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა.

კომენტარები