ანაკლიის პორტი

მდინარაძე ანაკლიაში ამერიკელებზე: ხაზარაძე ტყუილსაც ვერ იფიქრებს, რომ თავი არ დაიზიანოს

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

"ტყუილსაც კი ვერ იფიქრებს ისე, რომ თავისი თავი არ დააზიანოს" - ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე მოძრაობა ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის, ნათქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის პროექტისა და მასში ამერიკელების მონაწილეობის წინააღმდეგი იყო. 

"ე.ი. ტყუილითაც კი, რომ თითქოს ვიღაც ეუბნებოდა, ამერიკელებს შავ ზღვაში რა უნდათო, ამითაც კი საკუთარ თავს აზიანებს. სოციალურ ქსელში წერენ ადამიანები, ამდენი ხანი სად იყო, ახლა გაახსენდაო?" - ამბობს მდინარაძე. 

დეპუტატი თვლის, რომ სახელმწიფომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ყველა ვალდებულება შეასრულა. 

"მაია ცქიტიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს მათ ამ პროექტის განხორციელებაში. ესეც ფაქტია, რომ სახელმწიფომ გააკეთა იმაზე მეტი, რაც ჰქონდა მას ვალდებულება. ხოლო ხაზარაძემ არცერთი ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა არცერთ ეტაპზე,"- თქვა მდინარაძემ. 

15 ოქტომბერს მთავარი არხის ეთერში TBC ბანკისა და მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, თქვა, რომ 2017 წელს ერთერთ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა მას უთხრა, რომ ანაკლიის პროექტს უნდა შეშვებოდნენ. ხაზარაძის თქმით, იმ დროს, როცა მას ივანიშვილმა ეს უთხრა, პორტში უკვე 20 მილიონი ჰქონდა ინვესტირებული. 

"მითხრა, რომ 'იცი, რა, მოდი, შევეშვათ ანაკლიას, შენ ეტყობა, გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?' მე მეგონა, რომ რაღაც შაყირთან გვქონდა საქმე..." - თქვა ხაზარაძემ. 

მანამდე იმავე ეთერში ხაზარაძე მოყვა, რომ პროექტში ინვესტიციის ჩადებას მსხვილი ამერიკული კომპანია აპირებდა, თუმცა მათ ეს საქართველოს მთავრობამ ორჯერ გადააფიქრებინა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორებისა და კაპიტალის შევსების შესახებ სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადა თავდაპირველად 15 ოქტომბრის საღამომდე მისცა, თუმცა 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მთავრობამ კონსორციუმს ვადა 2019 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა

14 ოქტომბერს საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს ლიდერმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პროექტისთვის საჭირო თანხები კონსორციუმმა უკვე მოიძია. 

იგივე შინაარსის განცხადება გაავრცელა ახლანდელმა თავმჯდომარემ, ლევან ახვლედიანმაც. მისი თქმით, კონსორციუმმა უკვე წარუდგინა სახელმწიფოს ორი პოტენციური ინვესტორი და ახლა ბურთი სახელმწიფოს მოედანზეა. 

საუბარია, ამერიკული კონტი ჯგუფის პოტენციურ ჩამნაცვლებელზე კერძოდ ყაზახურ, Meridian Capital Limited-ზე და ჰოლანდიურ Van Oord-ზე. ვრცელდება ინფორმაცია ამერიკულ ფონდზე, რომელიც მზადაა პროექტის დასაფინანსებლად, თუმცა კომპანიის სახელწოდება ამ დრომდე არ არის ცნობილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები