უკრაინა

დონბასის რეგიონში რუსებმა კიდევ 2 უკრაინელი სამხედრო მოკლეს, მათ შორის იაროსლავა ნიკონენკო

იაროსლავა ნიკონენკო
novynarnia.com

ბოლო ერთ დღეში აღმოსავლეთ უკრაინაში ორი უკრაინელი სამხედრო მოკლეს, ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლება უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გარდაცვლილ სამხედროებს შორის ერთერთი 36 წლის იაროსლავა ნიკონენკოა, რომელიც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უშიშროების ელიტურ ბრიგადაში მსახურობდა. შეიარაღებული ძალების ცნობით, ორივე სამხედრო სნაიპერის მიერაა მოკლული. 

ნიკონენკოს მამა სერგი ნიკონენკო ასევე იბრძოდა დონბასის კონფლიქტში და ის 2015 წლის 18 იანვარს გრადის (საბჭოთა) რაკეტით მოკლეს. ავღანეთის ომის ვეტერანი 52 წლის იყო. სწორედ ამის შემდეგ წავიდა იაროსლავა სამხედრო სამსახურში. 

მინიმუმ 7 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა სექტემბრის თვეში დონბასის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტში. ადგილობრივი მედიის Censor.net-ის ცნობით კი, წლის დასაწყისიდან დღემდე 90 უკრაინელ სამხედროზე მეტია მოკლული.

2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ რუსეთის მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. გაეროს მონაცემებით, 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს სულ 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის რუსული მხარის მიერ მოკლული 240 ბავშვი. 56 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ცხადდება. კონფლიქტში დაახლოებით 30 000 ადამიანი დაშავდა. რუსეთი ოკუპირებული დონბასის სეპარატისტებს სამხედრო ძალითა და იარაღით ამაგრებს. 

24 აპრილს პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში, ოკუპირებულ დონბასში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის აღება გაამარტივა. 

კომენტარები