ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის პარლამენტში პროტესტის შემდეგ ლამმა სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა

GETTY IMAGES

16 ოქტომბერს ჰონგ-კონგის პარლამენტში პროდემოკრატიული ცვლილებების მომხრე პარლამენტარების მიერ გამართული პროტესტის შემდეგ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა. ჰონგ-კონგში პროდემოკრატიული ცვლილებებისთვის და პეკინის კომუნისტური მთავრობის გაზრდილი გავლენის წინააღმდეგ აქციები უკვე მე-5 თვეა გრძელდება.

ლამის სიტყვით გამოსვლის დროს, კანონმდებლები აქციის მოწოდებებს სკანდირებდნენ, ლამს გადადგომისკენ მოუწოდებნენ. მათ ლამის უკან კედელზე პროექტორი ჩართეს, სადაც ეწერა "ხუთი მთავარი მოთხოვნა, არც ერთით ნაკლები".

მას შემდეგ, რაც ივლისში მომიტინგეები პარლამენტში შეიჭრნენ, დღეს პირველად ჩატარადა პარლამენტის სხდომა და ეს იყო პირველი შესაძლებლობა, როდესაც ლამს ექსტრადიციის კანონპროექტის ოფიციალურად გაწვევა შეეძლო, თუმცა ასე არ მოიქცა. 

პარლამენტში ჩაშლილი სიტყვით გამოსვლის შემდეგ ლამი თავისი რეზიდენციიდან მოსახლეობას პირდპაირი ეთერით მიმართა.

მან ხაზი გაუსვა "ერთი ქვეყნისა და ორი სისტემისადმი" თავდადებას. ლამმა დასახლებისა და ინფრასტრუქტურის პოლიტიკაზე რამდენიმე ცვლილება დააანონსა. ლამი მიიჩნევს, რომ ამჟამად ჰონგ-კონგში მთავარი პრობლემა დასახლებაა. 

ჰონგ-კონგში მსოფლიოში საცხოვრებელი ფართის ფასები ყველაზე მაღალია და ბევრი ჰონგ-კონგელისთვის ბინის შეძენა თითქმის შეუძლებელია, თუმცა დღეს ეს ჰონგ-კონგის მთავარი პრობლემა არ არის. ჰონგ-კონგელები უკვე მე-5 თვეა დემოკრატიული ცვლილებებისთვის და პეკინის კომუნისტური რეჟიმის გავლენის წინააღმდეგ იბრძვიან.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ტანია ჩანმა თქვა, რომ ჰონგ-კონგის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ლამი იყო - "კერი ლამის ორივე ხელი სისხლშია გასვრილი. ვიმედოვნებთ, რომ ლამი უკან დაიხევს და გადადგება. მას მართვის უნარი აღარ გააჩნია".

კერი ლამს პარლამენტში სიტყვა პირველად შეაწყვეტინეს. 

პარლამენტის სხდომას ჩინეთის სახელმწიფო მედიაც აშუქებდა, თუმცა მაშინ, როდესაც პარლამენტარებმა ლამის წინააღმდეგ პროტესტი დაწყეს, პარლამეტიდან LIVE გათიშეს და ჩინეთის პეიზაჟები ჩართეს.

  • რა ხდება ჰონგ-კონგში?

თავდაპირველად აქციები ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო. ჰონგ-კონგელები შიშობენ, რომ ექსტრადირებით ოფიციალურ პეკინს ნებისმიერი ჰონგ-კონგელის კონტინენტურ ჩინეთში გასამართლება შეეძლება, სადაც ადამიანის უფლებები და სამართლიანი სასამართლო არ არსებობს. აქციების დაწყებიდან მე-4 თვეს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა კანონპროექტის გაწვევა დააანონსა, თუმცა ოფიციალურად ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაუგდამს. პროდემოკრატიული აქციები პოლიციამ არაერთხელ ძალადობრივად დაშალა - დარბევის დროს, სულ მცირე, ოთხმა ადამიანმა თვალი დაკარგა, აქციებზე პოლიციამ მომიტინგეს ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ესროლა. აქციების მიმდინარეობისას ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევას კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაემატა - თავისუფალი არჩევნები, აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება, პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა.

ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს კერი ლამსა და ჰონგ-კონგის პოლიციას, ჩინეთის წარმომადგენლობამ "არეულობაში" მომიტინგეთა ქმედებებს "ტერორისტული აქტები" უწოდა. არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები. ატაშეების ინფორმაციით, ჩინეთმა ჰონგ-კონგში სამხედრო პერსონალის რიცხვი ფარულად გააორმაგა.

26 აგვისტოს ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ჭაო ქეჭიმ ჰონგ-კონგთან, ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში ვიზიტის დროს, განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დაარბევდა ყველა დამანგრეველ, ძალადობრივ ტერორისტულ აქტივობებს და ქვეყნის "სამხრეთის კარიბჭის" პოლიტიკურ უსაფრთხოებას დაიცავდა.

აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს ჰონგ-კონგის საკითხზე შეხვედრა შესთავაზა. შეხვედრის შეთავაზებამდე ცოტა ხნით ადრე მან მომავალ ტარიფებზე ისაუბრა და თქვა, რომ ჩინეთს თავდაპირველად ჰონგ-კონგთან უნდა ემუშავა ჰუმანურად - "რათქმაუნდა, ჩინეთს შეთანხმების მიღწევა სურს. დაე, თავდაპირველად ჰონგ-კონგთან იმუშაონ ჰუმანურად!"

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში და კონგრესში ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტის მიღებაზე მსჯელობენ. კანონპროექტით შესაძლებელი იქნება ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დააწესონ - მათი ანგარიშები გაყინონ, აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და სხვ. კანონპროექტის ტექსტი საბოლოო არაა მანამ, სანამ კონგრესის ორივე პალატა მას არ დაუჭერს მხარს. შემდეგ კი პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა მოაწეროს ხელი იმისთვის, რომ კანონი გახდეს.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები