ანაკლიის პორტი

კალაძე: ხაზარაძეს ანაკლიის პორტის ასაშენებლად ფინანსური და გონებრივი შესაძლებლობა არ აქვს

კახა კალაძე

"მამუკა ხაზარაძე რაც პოლიტიკაში შემოვიდა, პირველივე დღიდან გვეჭორავება ჩვენ და საზოგადოებას," - ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე მამუკა ხაზარაძის მიერ გუშინ, ანაკლიის პორტის შესახებ, გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. კალაძეს ეჭვი ეპარება, რომ ხაზარაძე პორტის პროექტის დასრულებას შეძლებს. 

"ყოველთვის ვცდილობდი ჯანსაღი ოპონირება მქონოდა მასთან. ვიფიქრე, რომ ადამიანი ახალი შემოსულია პოლიტიკაში, ახალ პოლიტიკურ გუნდს აყალიბებს, ეს ყველაფერი გამოადგება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ხაზარაძე დაადგა ისევ და ისევ სიყალბეს, სიცრუეს და ჭორაობას. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობები," - ამბობს კალაძე.

მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მთავარ არხზე გუშინ, 15 ოქტომბერს ანაკლიის პორტის და ინვესტორების საკითხზე ისაუბრა. მან თქვა, რომ 2017 წელს ბიძინა ივანიშვილთან საუბრისას მან უთხრა, რომ პროექტს უნდა შეშვებოდნენ. 

მანამდე ხაზარაძემ მოყვა, რომ პროექტში ინვესტიციის ჩადებას მსხვილი ამერიკული კომპანია აპირებდა, თუმცა მათ ეს საქართველოს მთავრობამ ორჯერ გადააფიქრებინა.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა 2019 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა. 

მამუკა ხაზარაძემ "მთავარის" ეთერში ასევე ისაუბრა, თუ როგორ სთხოვა ბიძინა ივანიშვილმა მას პროგრეს ბანკის შეძენა, რომლის აუდიტის დროსაც ფულის გათეთრებაზე გაჩნდა ეჭვი და ეს ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებამ, როდესაც ამ საეჭვო აქტივების ლიკვიდაცია გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ პროგრეს ბანკი 2007 წელს კახა კალაძემ დააფუძნა, 22%-იან წილს კი ბიძინა ივანიშვილიც ფლობდა.

ხაზარაძის თქმით, 2016 წელს, როცა თიბისი, რესპუბლიკა ბანკის შეძენას გეგმავდა და გარიგება თითქმის დახურული იყო, ეროვნულმა ბანკმა ტრანზაქცია უმიზეზოდ შეაჩერა. ხაზარაძე ამბობს, რომ შეჩერებული ტრანზაქციის საკითხი მან ბიძინა ივანიშვილთან პირადი შეხვედრის დროს წამოჭრა. რა დროსაც მან პროგრესს ბანკის შეძენა სთხოვა და დააყოლა, რომ ამ შემთხვევაში იქნებ რესპუბლიკა ბანკის გარიგებაც დასრულებულიყო.

ხაზარაძე ამბობს იმასაც, პროგრეს ბანკში აუდიტის მიერ კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობის გამოვლენის შემდეგ, თიბისიმ პროგრეს ბანკის მხოლოდ ჯანსაღი აქტივები შეიძინა. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხაზარაძე პროგრეს ბანკის ეპიზოდს იხსენებს. ეს საკითხი აქტუალური იყო გაზაფხულზეც. მაშინ საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში ხაზარაძემ პირველად ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის თხოვნაზე მის მიმართ შეეძინა პროგრეს ბანკი. 

ცნობისთვის თიბისი ბანკსა და სოსიეტე ჟენერალს შორის გარიგება 2016 წლის სექტემბერში დაიხურა. თიბისიმ რესპუბლიკა ბანკის 93%-იანი წილი შეიძინა, ამავე გარიგების ფარგლებში მოხდა პროგრეს ბანკის აქტივების შესყიდვაც. სულ გარიგება 315 მილიონ ლარად შეფასდა.

ეროვნულმა ბანკმა კი პროგრეს ბანკს საქმიანობის ლიცენზია ამავე წლის ოქტომბერში გაუუქმა.

კომენტარები